1992, 1993, 1994 – დრამა ბოლო ტურებში (+VIDEO)

ყველა გრანდს ან მეორე ეშელონის გრანდს ჰყავს (ან ჰყოლია) უხერხული მეტოქე, მაგრამ მადრიდის რეალისთვის ტენერიფე რომ იყო, განსაკუთრებული შემთხვევაა. სტაჟიანმა გულშემატკივრებმა იციან, მაგრამ შესაძლოა, არ ახსოვდეთ. ბევრს კი არც ეცოდინება ესპანური თრილერები, რაზეც ახლა დავწერთ.

ტენერიფემ რეალს ზედიზედ ორჯერ დააკარგვინა ესპანეთის ჩემპიონობა და ბარსელონას აჩუქა. კონკრეტულად ბოლო ტურში! 1991/1992 წლების სეზონში და მერე 1992/93–ში.

 

1992 წელს, ბოლო ტურის წინ რეალი ერთი ქულით უსწრებდა ბარსას. ფრეც ჰყოფნიდა ტენერიფესთან გასვლაზე და 2:0–ს იგებდა, მაგრამ კანარის კუნძულების კლუბმა თამაში მოატრიალა და 3:2!

 

1993 წელსაც ასეთი მდგომარეობა იყო. რეალი წინ იყო და ბოლო ტურში ისევ ტენერიფესთან მოუწია გასვლა. მოიგებდა? ჩემპიონი იყო. ტენერიფემ მეორედაც გაამწარა რეალი – 2:0.

 

ორივე წელს ტენერიფეს რეალის ყოფილი ფორვარდი, არგენტინელი მსოფლიოს ჩემპიონი ხორხე ვალდანო წვრთნიდა. ბედის ირონიაა, ხომ?.. მერე კი, 1994 წელს ვალდანო რეალის თავკაცად დაინიშნა. იგივე გზა გაიარა ცნობილმა საყრდენმა ფერნანდო რედონდომ: იმ დროს ტენერიფეში თამაშობდა, მერე კი რეალში გადავიდა.

 

კანარის კუნძულების გუნდი ლა ლიგაში მეხუთე–მეექვსე ადგილებზე გადიოდა. ძლიერები იყვნენ, მაგრამ მაინც, სახელი სწორედ რეალის გამწარებით გაითქვეს. იოჰან კრუიფის გაწვრთნილი ბარსელონა კი მშვენივრად ირგებდა საჩუქარს...

 

 

სხვათა შორის, ერთი წლის მერე, 1994–ში კრუიფის ბარსა ისევ სასწაული იღბლით გახდა ჩემპიონი. ოღონდ, ამჯერად ტენერიფე არ დახმარებია და არც რეალი ყოფილა ლიდერი... ბოლო ტურის წინ დეპორტივო ლიდერობდა, ერთი ქულით უსწრებდა ბარსას. დეპორი შინ ეთამაშებოდა ცხრილში უმოტივაციო ვალენსიას და ვერ მოუგო – 0:0. ანუ, ამჯერად ვალენსიამ მიუძღვნა საჩუქარი. ღამურებს მაშინ გუს ჰიდინკი წვრთნიდა. 

 

და აქაც, 87–ე წუთზე მოხდა მთავარი ამბები...  ვალენსიას კარში პენალტი დაინიშნა. დეპორის მცველმა მიროსლავ ჯუკიჩმა ითავა დარტყმა და ვერ გაიტანა. მეკარე ხოსე გონსალესმა აიღო. რატომ დაარტყა ჯუკიჩმა და რატომ არა, მაგალითად, ლა ლიგის ბომბარდირმა ბებეტომ? ბრაზილიელმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მცირე ტრავმა აწუხებდა. 0:0 მორჩა, ბარსამ კი თავისი თამაში მოიგო.

 

ასე გახდა ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონი ზედიზედ სამჯერ.

 

1992/ ტენერიფე – რეალი 3:2

 

გოლები: 0:1 იერო (8), 0:2 ჰაჯი (28), 1:2 ესტერაბანსი (36), 2:2 რიკარდო როშა (77 ავტოგოლი), 3:2 პიერი (78)

 

1993/ ტენერიფე–რეალი 2:0

 

გოლები: დერტისია (11), 2:0 ჩანო (42)

 

 

 




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი