მილტონ ჰეიგი: ნაკრებმა საოცრად ითამაშა

ნოემბრის ტესტ-მატჩები უკვე მოლეულია. წინ გაცილებით დიდი მისიაა

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-მატჩები გამარჯვებით დაასრულა. მილტონ ჰეიგის შეგირდებმა ტონგა 20:9 დაიბრიყვეს. გუნდის თამაშს მთავარი მწვრთნელი და ნაკრების კაპიტანი აფასებენ:

 

მილტონ ჰეიგი:

 

რაგბი ევროპაზეც იმ სტილით უნდა ვითამაშოთ, რასაც მსოფლიო ჩემპიონატზე ვგეგმავთ. საბოლოო ჯამში, ნოემბრის ტესტ-მატჩებით კმაყოფილი ვარ. სამიდან ორი მოვიგეთ.

 

იტალიასთან  პირველი მატჩი რომ არ გვქონოდა და მანამდე ვინმეს გავჯიბრებოდით, მჯერა იქაც უკეთეს შედეგს ვაჩვენებდით. ათბალიანი სისტემით, ამ ეტაპზე ნაკრებს 8 ქულას დავუწერდი.

 

 ამ ახალგაზრდა ნაკრებმა, რომლის საშუალო ასაკიც 23 წელია საოცრად ითამაშა. აღმოვაჩინეთ რამდენიმე მოთამაშე - გურამ გოგიჩაშვილი, ბექა გიგაშვილი და თედო აბჟანდაძე.  კაპიტნის დაბრუნებით ბედნიერი ვართ. წინ ბევრი მისია გვაქვს და ვეცდებით წარმატებით შევასრულოთ. ზურა ძნელაძე ფანტასტიკური მოთამაშეა, რომელსაც ნებისმიერი დავალების შესრულება შეუძლია. ერთ-ერთი მორაგბეა, რომელსაც შეიძლება ვენდოთ.

მერაბ შარიქაძე:

 

იტალიასთან მარცხის შემდეგ ქომაგის ვალი გვქონდა. ვფიქრობ, ამ სამოასთან და ტონგასთან  მოგებებით მეტ-ნაკლებად გავსწორდით. უპირველეს ყოვლისა, გუნდის სიღრმე დავინახე, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე პოზიციაზე ძლიერი და კარგი მორაგბეები გვყავს. ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარე ჰაერში თამაშიც არის, რაც ადრე ჩვენთვის სისუსტედ ითვლებოდა.

 

ჩვენი ძალის ას პროცენტს ვხარჯავთ, იმისთვის რომ მატჩი მოვიგოთ. კუნძულელებთან შეხვედრა განვითარებაში გვეხმარება.