როგორ გავიტანოთ ლამაზად...

... მას არ უყვარს ინტერვიუს მიცემა... ის იშვიათად ჩანს პრესის ფურცლებზე...

... მას არ უყვარს ინტერვიუს მიცემა... ის იშვიათად ჩანს პრესის ფურცლებზე... მისთვის მთავარი მოედანზე გაკეთებული საქმეა... წარმოუდგენელი სილამაზის გოლები გააქვს და ესეც რომ არა, გადამწყვეტი მნიშვნელობის... ის ხშირად ტრავმიანობს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში... რეჟიმისტი არააო, მაგრამ არც მთლად ასე ყოფილა, თავად ამბობს, რომ... 
რას ამბობს საქართველოს ნაკრებისა და რუსული კრასნოდარის შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი აგერ, ამ ინტერვიუდან შეიტყობთ:

- ახლა კიდევ ვმკურნალობ, პროცედურებიდან მოვდივარ. კრასნოდარში მდებარე ქართული რესტორნიდან გესაუბრებით. წვივის კუნთი მაქვს დაზიანებული, რის სრულფასოვან აღდგენასაც დაახლოებით სამი კვირა სჭირდება...
 

 

- ანუ სანაკრებო მატჩებს დააკლდები?

 

- მკურნალობის კურსი უკვე ბოლოშია გასული და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ნაკრების უახლოეს მატჩებამდე მოვმჯობინდე, თუმც მეეჭვება ანდორასთან და ყაზახეთთან სასურველი ფორმის აღდგენა მოვასწრო. 
 

 

- ეს ტრავმის ძვლის რეციდივია?

 

- არა, ახლა კაპილარები მქონდა დაწყვეტილი და ტკივილები მქონდა. სერიოზული არაფერი, სპეციალური მასაჟები და ფიზიოთერაპია დამჭირდა. ძველ ტრავმას კი ნუ გამახსენებთ, ცუდი პერიოდი გამოვიარე.

 

- ასე ხშირად რატომ ტრავმიანობ?

 

- შენც იქეთ მიანიშნებ, რომ რეჟიმს არ ვიცავ?! არადა, თუნდაც უმნიშვნელო ტრავმასაც კი მთელი სერიოზულობით ვუყურებ და ექიმების რჩევა-რეკომენდაციებს ბოლომდე ვითვალისწინებ. თანაც აქ ყველა ფეხბურთელს აკონტროლებენ, მის გემოზე არავის უშვებენ. რეჟიმის ნაკლებად, უფრო უიღბლობის ამბავია... არა უშავს, ვიცი სიძნელეებს როგორ გავუმკლავდე და ამ ძნელ პერიოდასაც უკან მოვიტოვებ. მიყვარს ხოლმე საკუთარი თავისთვის შემოძახება. ჩემს ადგილზე, ამდენი და ასეთი ტრავმის შემდეგ ბევრი ფსიქოლოგიურად გატყდებოდა, მაგრამ თორნიკე ოქრიაშვილი ამ მხრივ ძლიერია...
 

 

- აღმოჩნდა, რომ ლამაზი და მნიშვნელოვანი გოლების გატანის მხრივაც ძლიერი ყოფილხარ...

 

- ჰო, ბოლო დროს მართლაც კარგი გოლები გამოდის, მაგრამ საქართველოს ნაკრებში გატანილს მაინც სხვა გემო აქვს...
 

 

- ჯერჯერობით ბოლო ანდორასთან პენალტი არის...

 

- მართალი ხარ, ჯერჯერობით, თორემ დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრი, ლამაზი და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი გოლებით გაგახარებთ.

 

- კლუბში კი ბოლო სევილიასთან მაკრატელა იყო.

 

- იცი, ამ გოლის ვიდეო რომ არ მენახა, იმ ეპიზოდის აღდგენა გამიჭირდებოდა. იმდენად აზარტში ვიყავი, ისეთი ემოცია მივიღე, რომ საერთოდ ამომივარდა გონებიდან ის ორი-სამი წამი, როცა დავარტყი და გავიტანე. თითქმის იგივე იყო ზენიტთან რუსეთის ჩემპიონატის მატჩის დროსაც. თუ გახსოვთ, მაშინაც ბოლო წუთი იყო და კრასნოდარმა ჩემი მაკრატელათი მოიგო. იმ გოლსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
 

 

- კრასნოდარში კიდევ დიდხანს აპირებ დარჩენას?

 

- სხვათა შორის, ახალი ამბავია, რომ კრასნოდარმა ახალი კონტრაქტი შემომთავაზა. სადღეისო შეთანხმებით კლუბში 2020 წლამდე უნდა ვითამაშო, მაგრამ ახლახან გავიგე, რომ კლუბი ახალ წინადადებას მიმზადებს. ვნახოთ, სხვას ჯერ კონკრეტულად ვერაფერს გეტყვი. 
 

 

- ახლაც ისე ლაპარაკობ, როგორც უწინ - გატყობ, კრასნოდართან საპრეტენზიო-სასაყვედურო არაფერი გაქვს...  

 

- აქ ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. კრასნოდარის სავარჯიშო, სათამაშო, საყოფაცხოვრებო პირობები ბევრი მაღალი კლასის ევროპული გუნდისთვისაც სანატრელია. აქამდე ხუთეულისთვის ვიბრძოდით და ზედიზედ რამდენჯერმე ჩავერთეთ ევროპის ლიგის გათამაშებაში, ამ სეზონის დაწყებამდე კი გამოგვიცხადეს, რომ გაისად ჩემპიონთა ლიგაში უნდა ვითამაშოთ. ამჟამად პრემიერლიგაში მეორეზე ვართ. ეს პოზიცია ჩემპიონატის ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ, ხოლო წინ თუ წავალთ, ამას რა აჯობებს.

 

- საქართველოს ნაკრებს მივუბრუნდეთ. კახა ცხადაძის და ვლადიმერ ვაისის გუნდებს შორის რა სხვაობაა? ცხადაძის გუნდი ერთა ლიგის ფლეი ოფში ვერ მოხვდებოდა?

 

- ორივე ძლიერი სპეციალისტია, თავის უპირატესობით და ცხადია, ფეხბურზე   შეხედულებით. მაგალითად კახა ცხადაძე ხუთი მცველით ამჯობინებდა თამაშს და აქცენტს უფრო ფლანგებიდან შეტევაზე აკეთებდა. თუ გახსოვთ, შემტევი პოტენციალი არც მაშინ გვაკლდა. ვაისი კი ოთხ მცველს ანიჭებს უპირატესობას და უმეტესად შუა ზონიდან თავდასხმას გვთხოვს. რაც მთავარია, მაშინაც კარგ, სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობდით და ახლაც... შედეგი სახეზეა. 
 

 

- ნაკრები უკვე ფლეი ოფშია. შესაძლო მეტოქეებზე რას იტყვი, რას ელი?

 

- ცხადია, წარმატებას და ევროპის ჩემპიონატზე თამაშს. მეტოქეებზე გამორჩევით მოყოლას ახლა არ დავიწყებ, თუმც ვიტყვი რომ საქართველო თავის ლიგაში ყველაზე ძლიერია და ეს ნათლად ჩანს. ჩვენი და ჩვენი მეტოქეების შემხედვარეს კი ეჭვიც არ უნდა გაუჩნდეს, ფავორიტი საქართველოა. 
 

 

- საუბარი რესტორნით დავიწყეთ და ბოლოსთვის ერთსაც გკითხავ: თავისუფალ დროს როგორ ატარებ? 

 

- ოჯახთან და ახლობლებთან ერთად. ღამის ცხოვრება წარსულს ჩაბარდა... ოჯახის და მეგობრების  გარემოცვაში ხშირად ვსტუმრობ ქართულ რესტორანს -ბონჯორნო, გენაცვალე - რომლის პატრონიც ჩემი მეგობარი დავით ბითაძეა. ნაღდი ქართული, სასიამოვნო გარემოა აქ შექმნილი...