გიორგი მიქაძე: შოკი მივიღეთ!

რატომ მოხდა, რომ ნაკრებში შედეგი ვერ აჩვენა? ეს ცოტა მოულოდნელი იყო, რადგან ჯერ ერთი შინ ვთამაშობდით და მეორეც, ცუდი თაობა ნამდვილად არ გვყავდა.   

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ვერ გავიდა. გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისში ლიხტენშტაინს 7:0 მოუგო, მერე აზერბაიჯანთან 1:2 წააგო და ბოლოს ისრაელთან 1:1 დაასრულა. ელიტრაუნდში ორი გუნდი გადიოდა, ქართველები კი მესამეზე დარჩნენ.

 

მიქაძეს ქართულ პირობებში წარმატებები ჰქონდა, აქედან გამოვარჩევთ მარტვილის მერანში გატარებულ პერიოდს. გუნდი მაშინ საქართველოს თასის ფინალში გავიდა, მერე ეროვნულ ლიგა 2-შიც ლიდერობდა.  რატომ მოხდა, რომ ნაკრებში შედეგი ვერ აჩვენა? ეს ცოტა მოულოდნელი იყო, რადგან ჯერ ერთი შინ ვთამაშობდით და მეორეც, ცუდი თაობა ნამდვილად არ გვყავდა.   

 

-რა იყო ასეთი წარუმატებელი გამოსვლის მიზეზი? რატომ ვერ მოხერხდა ელიტ რაუნდში გასვლა?

 

-მეტოქის შეუფასებლობა და ფატალური უიღბლობა. ვფიქრობ, ეს იყო წარუმატებლობის მთავარი მიზეზები.

პირველ მატჩში ლიხტენშტეინი გავანადგურეთ, აზერბაიჯანმა კი ისრაელთან 1:4 წააგო. ვიფიქრეთ მათთანაც მარტივად გავისეირნებდით, მაგრამ ასე არ მოხდა. აზერბაიჯანმა კარში 3-ჯერ დაგვირტყა და ორი გოლი გაგვიტანა. მათ შეცდომები არ გვაპატიეს.

-როგორ ფიქრობთ, ლიხტენშტეინთან გამარჯვების შემდეგ გუნდი ხომ არ მოეშვა?

 

ვერ დაგეთანხმებით. მოშვება არაფერ შუაშია. ჩვენ მზად ვიყავით თამაშისთვის. მეორე ტაიმში, 3 წუთიან ინტერვალში ორი შეცდომა დავუშვით, რაც საბოლოო ჯამში ძვირად დაგვიჯდა და გულდასაწყვეტი მატჩი წავაგეთ.

 

მჯერა, ჩვენ მეტი შეგვეძლო და ახლაც შეგვიძლია. ბურთის ფლობა, კონტროლი, თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელი იყო. უბრალოდ, ფეხბურთში ხანდახან საჭიროა, რომ გაგიმართლოს. შეიძლება ითქვას, რომ რიგ ეპიზოდებში ფონს ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე უნდა გავსულიყავით. ალბათ დამდგარი შედეგის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. ის, რაც აზერბაიჯანთან დაგვემართა, შოკი ჰქვია.

 

-სამივე მატჩში ჩანდა, რომ თითქოს ნახევარდაცვაში ნაპრალები იყო. ცენტრში ბურთს ვერ ვაგორებდით. რატომ?

 

-ვერცერთ რგოლს ვერ დავყოფ და ეს რომ გავაკეთო არ ვიქნები მართალი. რა თქმა უნდა, პერიოდულად იყო წყვეტა ნახევარდაცვასა და თავდასხმას შორის, თუმცა ამას უფრო კომპლექსური ხასიათი ჰქონდა.

 

აზერბაიჯანთან დავწინაურდით და თითქოს იმ გოლმა დათვური სამსახური გაგვიწია. მეორე ტაიმში მოედანზე  უფრო თავდაჯერებულები გამოვედით და დავისაჯეთ.

 

-პირველად არ ხდება, რომ ასაკობრივ ნაკრებებში ერთი წლით პატარა ფეხბურთელებს ათამაშებენ, რასაც შედეგი ნაკლებად მოაქვს. თქვენც 5 ასეთი ფეხბურთელი გყავდათ...

 

-ეს მარტო ჩვენთან არ ხდება. ბევრი ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებებშია მსგავსი შემთხვევები. გერმანიის ნაკრების გარდა და თუ არ ვცდები ისრაელის ნაკრებიც თბილისში 19 წლის ფეხბურთელებით იყვნენ ჩამოსულები.

 

თუ ფეხბურთელი დაოსტატებულია და მისულია იმ დონემდე, რომ ერთი წლით უფროსებში ითამაშოს და გუნდს გამოადგეს ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

 

მაგალითად, დავითაშვილი, გულიაშვილი, კვარაცხელია უკვე თამაშობენ ეროვნულ ლიგაში. ისინი ფიზიკურადაც მომძლავრებულნი არიან და გამოცდილებაც აქვთ.

 

-ფეხბურთის ფედერაციასთან ხომ არ გქონიათ საუბარი, როგორი იქნება ნაკრებში თქვენი მომავალი?

 

-ვერაფის ვერაფერს დავაბრალებ. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, თუმცა ფეხბურთის ფედერაციაში საკმაოდ გონიერი ხალხი მუშაობს და ვფიქრობ, 19 წლამდე ნაკრებში სამწვრთნელო შტაბის ნამუშევარი ჩანს.

 

მე კეთილსინდისიერად ვიმუშავე. არ მჯეროდა, თუმცა ახლა დავიჯერე, რომ ფეხბურთში იღბალიც საჭიროა.

 

ჩემი დარჩენა-წასვლის შესახებ ფედერაციასთან ჯერ საუბარი არ მქონია. 5 დეკემბერს, თბილისში იტალიასთან გვაქვს ამხანაგური მატჩი და გუნდს მოედანზე მე გავიყვან.

-რაში ხედავთ გამოსავალს, რომ ქვეყანაში უკეთესი ჭაბუკი ფეხბურთელები გაიზარდნონ?

 

ვფიქრობ, ფედერაციას სწორი კურსი აქვს აღებული. ასაკობრივ ნაკრებებს მაქსიმალურ კომფორტს უქმნიან. ფეხბურთელები თავიანთმა კლუბებმა უნდა მოამზადონ, იქ დაღვინდნენ და დაოსტატდნენ.

 

მარტო სტატისტიკა მატჩებს ვერ იგებს. ამ მხრივ სამივე შეხვედრაში კოლოსალური უპირატესობა გვქონდა.

 

კარგია, რომ ფედერაციამ დაიწყო რეგიონალური აკადემიების შექმნა. ნიჭიერმა ბავშვებმა შრომა არ უნდა დაიზარონ, ისინი სწორად უნდა განვითარდნენ.