მაღლა და მაღლას ამბავი

ეს მართლა დიდი ბედნიერებაა. ათი ნომერი და ასე. თან, ოცი წლისაც რომ არაა. 

აჰა, და კვლავ ქართული ფეხბურთის სიღრმეებიდან გვაქვს ახალი სიხარული.

 

ის ამბავი, რაც გიორგი ჩაკვეტაძის გარშემო ხდება სხვათ ეგებ სხვა რამეს, ჩვენ კი ნამდვილად შეგვახსენებს, რომ ჩვენში ფეხბურთისა არაფერი მომვკდარა. არც გულში, არცა სულში და არცა კიდევ,  როგორც იტყვიან, ფეხებში.

 

ყოველი ფეხბურთში სულის  და გულის  ჩამდები, ოფლის მღვრელი ვაჟკაცი კაცი, დასაფასებელია.  ყველა ასეთ ფეხბურთელს ერგება მისი გუნდის გულშემატკივრებისგან სხვანაირი სიყვარული. სხვანაირი სიყვარული, ისაა, რომ აი, შენ არც მსოფლიო ვარსკვლავი ყოფილხარ,  მაგრამ ისეთი გული ჩაგიყოლებია თამაშში, შენს მინდორში, შენს ქალაქში, რომ შენი სტადიონის ტრასებზე მოსულ ხალხს, მთელი სამყაროს ვარსკვლავებს ურჩევნიხარ. აი, როგორ გითხრათ.  როგორც მიხაელ ცორკი იყო დორტმუნდში. ანდა, როგორც ჯულიან დიქსი, ვესტ ჰემში. უფრო განზოგადებულად, კი, საკლუბო ამბავი, რომ მოვაშოროთ, როგორც ენდი ტაუნსენდი იყო ბრიტანულ ფეხბურთში.

 

 

ერთხელ გაზას კითხეს, შენი საყვარელი ფესბურთელი რომელია და ენდი თაუნსენდიო, შეხედეთ მაგის ნაიარევ ფეხებსო. ფეხბურთელობა თქვენ მე გგონივართ, ფეხბურთელობა კი ჯერ, ენდი თაუნსენდია  და მხოლოდ მერე ჩემნაირებიო.

 

ოღონდ, ამაზე ლაპარაკი გადახვევაა. ამით მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ხანგრძლივი წამხდარი სანაკრებო თამაშის მიუხედავად, მთელი ამ  გრძელი დროის განმავლობაში ჩვენ გვყავდა ნაღდი ფეხბურთელები. მთლიანად ფებხურთი და მასში მოსაგების მოგება კი გვიჭირდა. ვერმოსაგების მოგების დონემდე და აქედან მოსაგების დონის გაზრდამდე მისვლას ვინ ჩიოდა.  

 

ეს ამბავი დიდი ხნისა იყო და მთელს ამ, რატომღაც  წარმოშობილ უაზრობაში, რომ აბა, რაგბი ჯობია თუ ფეხბურთი, უცებ  კვლავ გაგვიჩნდა დიდი საფეხბურთო სიხარული და იმედი.  სამხრეთლად, უბრალოდ, ხმაურიანად, გულუბრყვილოდ, აღტაცებით და ბედნიერების უპირობო მოთხოვნით.  ისე, რომ,  აი, ახლა ეს ბიჭი წამოიკიდებს ზურგზე ჩვენს ფეხბურთს და ათ  წელიწადს ათრევს და ნეტავ სადამდე მიიყვანს?

 

ენდი თაუნსენდი

 

ეს მართლა დიდი ბედნიერებაა. ათი ნომერი და ასე. თან, ოცი წლისაც რომ არაა. ჩაკვეტაძე ჯერ მხოლოდ გენტშია, მაგრამ წინ დიდი სახელების მწკრივია, რომელთაც ბარსელონა მეთაურობს.  ამიტომ, ჩაკვეტაძის საფეხბურთო ბედში, ახლა მთავარია სწორი მოლოდინი,  განვითარება და სწორი სვლა.

 

ბარსელონა გადასარევია, მაგრამ უფრო გადასარევი იქ ძირითადში თამაშია და თან არა ერთი სეზონით. სხვნაირად, რა აზრი აქვს. ის დროც გვახსოვს, როცა  მეჰო კოდრო ბარსელონას მთავარი იმედი გახლდათ და იმავე წელიწადს,  რონალდო „პატარა“ ეინდჰოვენში ბრწყინავდა. მომდევნო სეზონში კი რონალდო ბარსაში იყო, ხოლო კოდრო  დიადთა ფეხბურთიდან გაუჩინარდა. ის ახლა კარგი მწვრთნელია, მაგრამ ეგ რა ჩვენი საქმეა. ჩვენ ჩვენი ბედი გვაღელვებს. ჩაკვეტაძე „პატარა“ გენტშია, მაგრამ, როგორც ამბობენ, მალე სულ სხვაგან იქნება. ნეტავ ეს გადაადგილება ერთდროულად სამისოც იყოს და  საჩვენოც, რადგან ჩვენი ნაკრებისთვის ჩაკვეტაძის ეპოქა დაწყებულია და საოცნებოა, რომ ის დიდხანს და დიდი აღმასვლით გაგრძელდეს. არაფრით არ მინდა წარმოდგენა, რომ ჩვენ რაღაც, ენცო შიფოს ისტორია გვქონდეს. არაფრით. რონალდოს ისტორია საუკეთესო იქნებოდა. მაღლა და მაღლა და სწორად. მგონი, ამაზე უნდა ვიოცნებოთ.