ჭიაბრიშვილი: მთელი საქართველო უნდა წარმოვადგინოთ

5 ფრე, 5 წაგება, დანარჩენი კი სულ მოგება და მოგება. ჯამში 23 გამარჯვება. საბურთალომ მაგარი სეზონი ჩაატარა, პირველივე ტურიდან მოყოლებული არ გაუშვა სადავეები და საქართველოს ჩემპიონი გახდა. 

არსებობის ისტორიაში პირველად! არადა, საბურთალომ პირველად 2015 წელს გადავიდა უმაღლეს ლიგაში.

საბურთალოს მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილია. მისთვის მეორე ქართული ოქროა: ექვსი წლის წინ ზესტაფონში და ამჯერად, საბურთალოში.

ჭიაბრიშვილი საინტერესო მწვრთნელი და საინტერესო მოსაუბრეა. აი, ჩვენი ინტერვიუც:  

ემოციებზე: ექვსი წლის წინ ასეთი ემოციები არ მქონდა. ფედერაციამ რუსთავის მეტალურგი გამოაცხადა ჩემპიონად.  რეგლამენტში კი იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც ზესტაფონი იყო ჩემპიონი. ეს დაამტკიცეს რამდენიმე დღის შემდეგ. ასე რომ, პირველი დღის, უეცარი ემოციები გამოვტოვე. ახლა სხვა ემოციები იყო. სამი ტურით ადრე გავინაღდეთ პირველი ადგილი.      

გადამწყვეტ მატჩებზე:  თავიდანვე კარგად დავიწყეთ, დინამოსა და ტორპედოს თამაშები მოვუგეთ. ბევრს ეგონა, რომ ეს შემთხვევითობა იყო, საბურთალო დროებით ლიდერობსო. მერე უფრო მეტი კონცენტრაციით გვეთამაშებოდნენ, მაგრამ მაინც ვიგებდით, ახლოს არ ვუშვებდით მდევრებს. ჩემი აზრით, გადამწყვეტი პერიოდი სწორედ მაშინ იყო.  სტაბილურობა იყო მთავარი. მოხარული ვარ ფეხბურთელების პროფესიონალიზმით.   

ლიდერზე: ლიდერი სეზონის წინ წავიდა შვედეთის გიოტებორგში (ხარაიშვილი – ავტ.), მას მერე კი ყველამ იტვირთა ლიდერობა. სტატისტიკასაც რომ გადავხედოთ, საბურთალოს ბევრმა ფეხბურთელმა ითამაშა, ბევრმა შეიტანა წვლილი წარმატებაში.

ვაგნერ გონსალვეშზე, რომელმაც 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა: ევროპაში გაზრდილი ბრაზილიელია და სხვა ხასიათი აქვს. ვაგნერს ყველა იცნობს, როგორც შემოქმედს და შეტევაში მაგრად მოთამაშე ფეხბურთელს, მაგრამ ნიმუშია იმისა, თუ როგორ უნდა მოქმდებდეს ასეთი ფეხბურთელი დაცვით ოპერაციებში. ვაგნერი ჩაშლაშიც ძლიერია, შავ სამუშაოს ასრულებს. ფედერაციის მიერ დარიგებული პოლარებითაც ჩანდა, ყველაზე მეტი მანძილი ჰქონდა დაფარული, ყველაზე მეტი სპრინტი...    

შესაძლო ცვლილებებზე:  ზოგიერთი ფეხბურთელი დაგვტოვებს. ახალწვეულებს შორის ლეგიონერები იქნებიან. ამჯერად არა მხოლოდ უბანი და არა მხოლოდ ქალაქი, არამედ მთელი ქვეყანა უნდა წარმოვადგინოთ. გაისად ხომ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გავიდეთ.