ბლოგი, რომელსაც მაინც არავინ წაიკითხავს

გავიდა რამდენიმე დღე და რედაქციაში დელია რანუნის ნომერი ჩამოგვივიდა. შიგ ვრცელი სტატია იყო საქართველოს შესახებ

ახლა რომ მომკლათ ვერ გავიხსენებ რომელ წელს ჩამოვიდა თბილისში ის ინგლისელი ჟურნალისტი —  96 იყო თუ 97. ვერც იმას გავიხსენებ დეილი მეილიდან იყო თუ დელია რანუნიდან. უფრო დეილი მეილი მახსოვს. მას მერე ხომ ძალიან დიდი ხანია გასული. 

 

ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, 96 უნდა ყოფილიყო და აი, რატომ: მაშინ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში ინგლისის ნაკრები გვერგო. ორჯერ შევხვდით — ჯერ თბილისში 96-ის 9 ნოემბერს, შემდეგ ლონდონში 97-ის 30 აპრილს. ის ჟურნალისტი კი მახსოვს იმიტომ ჩამოვიდა, რომ რეპორტაჟი ჰქონდა დავალებული: რა ქვეყანაა ეს საქართველო. ნუ გაგიკვირდებათ, საბჭოთა კავშირის დაშლიდან სულ რამდენიმე წელი იყო გასული და ევროპაში ცუდად გვიცნობდნენ. მოკლედ, ინგლისელ ჟურნალისტს თავის წერილში ფეხბურთის გარშემო უნდა ეტრიალა, ოღონდ ამ ფეხბურთისთვის გარნირივით ზოგადქართული ამბებიც უნდა შემოეწყო. ჰოდა, ასეთი რაღაცის გაკეთება წესით პირველი თამაშის წინ უფრო უპრიანია.

მოკლედ, სტუმარი (ქართველები ხომ ჩვენს ქვეყანაში თუნდაც სხვასთან ჩამოსულ ადამიანს სტუმარს ვუწოდებთ) ნახევარი დღით მე ჩამაბარეს. დახმარება და მეგზური სჭირდებოდა. რაღაცები არქივში მოვუქექე, რაღაცები მოვუყევი, კითხვებზე ვუპასუხე და მერე თქვა, იქნებ ალექსანდრე ჩივაძესთან შემახვედროთო. იქვე გადავრეკე ბატონ საშასთან დიდუბეში, ფედერაციის ძველ შენობაში, და მობრძანდითო, მივიღე პასუხად.

 

ინგლისელს გაკვირვება შევატყვე. ასე პირდაპირ „ანტრე ბატონოს“ და „სტუმარი ღვთისაას“ არ ელოდა. იქვე ჩავსვი ტაქსიში (ტაქსი არა ის, ვიღაცის კერძო ოპელ ვექტრა იყო, ხელი ავუწიე და გაგვიჩერა), ცხადია სტუმარს ფული არ გადავახდევინე და ჩივაძესთან ავიყვანე. მახსოვს, ბატონმა საშამ დეილი რაღაცის ჟურნალისტს ყველა კითხვაზე ამომწურავად უპასუხა, ინგლისის ნაკრების მაშინდელ მწვრთნელზე გლენ ჰოდლზე უთხრა მის წინააღმდეგ მითამაშია და კარგად მახსოვს ძლიერი ფეხბურთელი იყოო, ფოტოები გადააღებინა და კმაყოფილი გამოუშვა.  

გავიდა რამდენიმე დღე და რედაქციაში დელია რანუნის ნომერი ჩამოგვივიდა. შიგ ვრცელი სტატია იყო საქართველოს შესახებ. ჩივაძესთან შეხვედრის შესახებაც იყო და სხვაც, შუაში კი ერთი დიდი ფოტო ჩაედოთ — სტადიონის დამლაგებელი მსუქანი ქალი გრძელტარიანი ცოცხით და გახუნებული ბამბაზიის ხალათით. ფოტოს წარწერა ახლდა: Hei, Georgian girl. ქართველი გოგოაო. არადა, ამ დალოცვილ თბილისში რამდენი ლამაზი გოგო დადოდა, დავარცხნილი, კოხტად ჩაცმული... 

 

კარგი, გავიარეთ. სხვა ამბავიც გამახსენდა. 

 

94-ში, 12 ოქტომბერს, ბულგარეთში ვიყავით — იქაც 0:2 წავაგეთ. (რა 0:2-ები ამიტყდა, ნეტავ). ქართველ ჟურნალისტებს თამაშის დღეს რაღაც ბილეთები დაგვირიგეს. კოლეგებსაც ეხსომებათ, საღამოს მივედით ლევსკიზე, სტადიონზე შევედით და... აგერ თქვენი ადგილებიო, კონტროლიორი გვეუბნება, თითს ტაბლოსკენ იშვერს. არადა, პრესის ლოჟა სხვაგან არის. 

ვეუბნებით, ძია კაცო, ჩვენ ქართველი ჟურნალისტები ვართ, თქვენ კი ოხრობაში გვიშვებთ. პრესას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, სადაც კაცი მაგიდაზე ბლოკნოტს დადებს, შიგ რაღაცებს ჩაინიშნავს (მაშინ ლეპტოპები და ტრიბუნაზე ინტერნეტი ჯერ არ იყო), ტაბლოს ქვეშ ჩვენ არ დავსხდებით, თქო. არაო.  თქვენი ადგილი იქ არის და მორჩაო. გავბრაზდით. ერთი ამბავი ავტეხეთ. თქვენც გაქვთ თბილისში საპასუხო თამაში და ნახავთ თქვენს ჟურნალისტებს სად დავასმევინებთო, დავემუქრეთ. იმ კონტროლიორზე ჩვენმა მუქარამ როგორ იმოქმედა არ ვიცი, მაგრამ ამ ალიაქოთში ვიღაც სხვა მოვიდა, ძია კაცს რაღაცა გადაუბულგარულა და პრესის ლოჟაში შეგვიყვანა. ისე კი, თქვენთვის ბილეთები მართლა ტაბლოსთან მოუციათო. 

 

 მამაძაღლი, როდესაც დელეგაცია სიას გიგზავნის და შიგ ჟურნალისტები ცალკეა გამოყოფილი, ბილეთებს ტაბლოს ქვეშ რატომ აძლევ?

 

კარგი, ესეც გავიარეთ. 1996 წლის 9 ოქტომბერს პერუჯაში ვარ, კვლავ და კვლავ საქართველოს ნაკრების თამაშზე. (ამ დღეს 0:2 არ წაგვიგია). ავედი პრესის ლოჟაში, მოვკალათდი გემრიელად, ბლოკნოტში რაღაცებს ვიწერ და... ვიღაც იტალიელი ბიძა დამადგა თავს, აქ ჩემი ადგილია, შენ იქით გადაჯექო. მახსოვს, აკრედიტაციებზე ადგილები მითითებული არ იყო. უბრალოდ ეტყობა, ის ბიძა იქ ჯდომას იყო დაჩვეული ან რამე ასეთი.  კარგი მეთქი, ზუსტად ერთი რიგით ქვევით ჩავედი. მინდა გითხრათ, რომ არც ის პრეს ლოჟა შევსებულა და არც ჩემთან მოსულა ვინმე სხვა, ადგილი გამითავისუფლეო. პრეს ლოჟაში დაჯდომა თავისუფალი იყო. ბიძა კი...

მაგრამ მერე, თბილისში, რომელიღაც თამაშზე, ჩვენი საკუთარი სტადიონის პრეს-ლოჟაში რომ შევედით, მაგიდებზე სტუმარი გუნდის გაზეთებისა და სააგენტოების ადგილები დაგვხვდა დაკრული. ჩვენ სადღა დავსხდეთო ვიკითხეთ და სადაც (იგულისხმებოდა თუკი) ადგილები დარჩება იქო.რას იზამ, სტუმარი ღვთისაა.

 

P.S. თუკი მოგეჩვენათ, რომ დღევანდელი ბლოგი უინტერესო თემაზეა, ავტორს ნუ გამიბრაზდებით, რადგან თქვენ მას სავარაუოდ მაინც არ წაიკითხავთ. დღეს არჩევნების მეორე დღეა და სპორტისთვის არავის სცხელა.