ზუროსი: მჯერა ჩემი მოთამაშეების

ამ უმნიშვნელოვანეს მატჩამდე, ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მოთამაშეები ოფტიმისტურად არიან განწყობილნი.

დღეს, 19:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, ჩინეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მცირეოდენი შანსი კვლავ შეგვინარჩუნდება.

 

ამ უმნიშვნელოვანეს მატჩამდე, ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მოთამაშეები ოფტიმისტურად არიან განწყობილნი.

 

ილიას ზუროსი

 

 “პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩემ მოთამაშეებს ესტონეთთან გამარჯვება. არ იყო ადვილი როგორც მწვრთნელებისთვის, ისე კალათბურთელებისთვის, რომ ორ დღეში მზად ვყოფილიყავით ტალინური მატჩისთვის. შემდეგ იყო დამღლელი მგზავრობა, ვარჯიში და ხვალ ისევ თამაშია. ეს ყველასთვის რთული გრაფიკია. მიუხედავად ამისა, მჯერა ჩემი მოთამაშეების და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ. იმედია, რომ გულშემატკივარი მრავლად მოვა და დაგვიჭერს მხარს ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში. 

გოგა ბითაძე 

 

  “ისრაელმა სერბეთს მოუგო გასვლაზე, რაც წარმოუდგენელი იყო. ძალიან სერიოზული გუნდია, თუმცა ჩვენც მზად ვართ, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის და კარგი თამაში ვაჩვენოთ გულშემატკივარს. თავიდანვე დაგეგმილი იყო, რომ ესტონეთთან შეხვედრაში მე და გიორგი შერმადინს ერთად უნდა გვეთამაშა. კომფორტულად ვიგრძენი თავი, რადგან სიმაღლეში უპირატესობა გვქონდა. ვნახოთ, რას გადაწყვეტს მწვრთნელი და როგორ ვუთამაშებთ ისრაელის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გულშემატკივრის ფაქტორი და ველოდებით მათ სპორტის სასახლეში”. 

 

დუდა სანაძე

 

 “ისრაელის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. მათ ის უპირატესობა აქვთ, რომ ევროლიგის გუნდები ჰყავთ და კალათბურთელებსაც თავისი ქვეყნის ნაკრებში უშვებენ. ამიტომ, ძალიან ძლიერი შემადგენლობით ჩამოდიან და თან, სერბეთთან გამარჯვების შემდეგ. თუმცა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ ეს შეხვედრა, რადგან გაგვიცოცხლდა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი. ტაქტიკურად მზად ვართ და თავს არ დავზოგავთ”.