შუმი ტირის

როგორია მსოფლიოს N 1 მრბოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტრავმიდან 5 წლის თავზე

ხუთი წელი გასულა... 2013 წლის დეკემბერში, ავტოსპორტის ლეგენდა მიხაელ შუმახერი, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, ფრანგულ ალპებში ისვენებდა.

 

იმ საბედისწერო დღეს მან, თხილამურებზე სრიალისას თავის მძიმე დაზიანება მიიღო და...

 

 

ის მაშინვე გადაიყვანეს ვერტმფრენით გრენობლის საავადმყოფოში. განცხადებაში ეწერა, რომ მიხაელს „უშუალო ნეიროქირურგიული ჩარევა ესაჭიროებოდა.“ მერე თქვეს, ორი გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდაო. 

 

შუმახერი გადარჩა, მაგრამ კომაში დარჩა.

 

მედიკოსები მის მდგომარეობას „ძალიან სერიოზულად“ აფასებდნენ. მას შემდეგ ხუთი წელიწადი გავიდა. შუმახერის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კი თითქმის არ არსებობს. მისი ოჯახის წევრები იშვიათად ურთიერთობენ მედიასთან. მეტწილად ამბობენ, რომ ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდებაო, ან გულშემატკივრებს მადლობებს უხდიან, მხარდეჭირსა და გულითადი წერილებისთვის. ეს არის და ეს... ამბობდნენ, ის შეიძლება აშშ-ში, ტექსასის საკუთარ რანჩოში ჰყავდეთ და რეაბილიტაციას იქ გადიოდესო. იმასაც ამბობენ, მისი მოვლისა და მკურნალობის გადასახდმა უკვე 20 მილიონ გირვანქას გადააჭარბაო.

 

2017 წელს, ჰამბურგის სასამართლომ, ჟურნალ Bunte-ს, 50 ათასევროიანი ჯარიმა დააკისრა იმისათვის, რომ გამოცემამ დაწერა, შუმახერს სიარული აღარ შეუძლიაო. ოჯახს კვლავაც სჯერა მედიცინის სასწაულისა და მომხდარიდან ოთხი წლის შემდეგ ისევ აცხადებდა: „ამიერიდან მიხაელის რეაბილიტაცია შინ გაგრძელდება. მართალია თავის მძიმე ოპერაციები გადაიტანა, თუმცა ამ წლებისა დ თვეების განმავლობაში ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა მისი გადარჩენისთვის. მაგრამ, წინ კიდევ გრძელი და რთული გზა გველის.“

 

 

2015-ში შუმახერის მენეჯერმა თქვა, რომ მიხაელის მკურნალობის საქმე კარგად მიდის. თუმცა, ერთი წლის შემდეგ გერმანელი მრბოლელის ადვოკატმა დაადასტურა: მიხაელს სიარული არ შეუძლიაო. რა ხდება სინამდვილეში გენიალური მრბოლელის თავს?

 

ფორმულა 1-ის სეზონის დაწყების წინ, შვიდგზის ჩემპიონის მენეჯერმა საბინ კეჰმა განაცხადა: „რა შეიძლება ითქვას. მიხაელის ოჯახი კვლავაც მადლიერია გულშემატკივრებისა ყურადღებისთვის. ადამიანებს ესმით მისი მდგომარეობა და იზიარებენ ოჯახის სიტუაციას.“ გრენობლის საავადმყოფოს შემდეგ, მიხაელს რეაბილიტაციას ლოზანის საუნივერსიტეტო კლინიკაში უტარებდნენ.

 

 

შემდეგ კი ჟენევაში, მის სახლში რეაბილიტაციისთვის საგანგებო აპარატურა დაამონტაჟეს. მას თავს 15 უძლიერესი სამედიცინო ბრიგადა ევლება, რომელთა სერვისი კვირაში 115 ათასი გირვანქა ჯდება.მისი ოჯახობა და ნათესავები ფრანგულ Paris Match-საც ესაუბრნენ. ერთი ნათესავი ყვებოდა: „როცა ინვალიდის ეტლში აჯენენ და ის წინ შესანიშნავ მთებსა და ტბას ხედავს, ტირილს იწყებს.“ ცხადია, ოჯახის წევრებს, ამის შემხედვარე, გული უკვდებათ, მაგრამ მეორე მხრივ, უხარიათ, რომ 49 წლის მიხაელი ემოციებს ისევ ამჟღავნებს.

 

„ფერარის“ ყოფილი დირექტორი, ჟან ტოდტი ამბობს, რომ მიხაელს თვეში ორჯერ ნახულობს: „მიხაელი ძალიან მიყვარს. მის ოჯახთანაც ვურთიერთობ და ვუსურვებ, სიტუაცია კარგისკენ შეცვლილიყოს.“

 

 

ამასობაში, შუმის მენეჯერს და ახლობლებს დიდი მრბოლის მუზეუმის გახსნა გადაუწყვეტიათ. კოჰი ამბობს: „წლების განმავლობაში მიხაელის უამრავი ნივთი - მანქანები, კომბინიზონები,  ჩაფხუტები და სხვა წვრილმანები დაგროვდა. ვფიქრობთ, ფართო საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი ავტომოყვარულებისთვის, საინტერესო იქნება მათი ხილვა.“ მუზეუმი წლეულს აპრილში უნდა გახსნილიყო კიოლნში, მაგრამ მიზეზთა გამო, პრეზენტაცია გადაიდო და ის უახლოეს მომავალში გაიხსნება.

 

ოჯახი კი ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე გადაბარგებას გეგმავს. ეს დიდებული სახლი (თუ სასახლე) 30 მილიონი ევრო ღირს და თავის დროზე, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის საკუთრება იყო. 3 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი, ასევე ორ დიდ უმშვენიერეს ბაღს და ამდენივე აუზს მოიცავს.„ვადასტურებ, რომ მიხაელი მალე გადმოვა ჩვენს დაბაში. აქ ყველაფერი მზდაა მის დასახვედრად.“ - განუცხადა მალიორკის მერმა, კატია რუარჩმა L'Illustre-ს.

 

 

საინტერესოა, რომ ავტორბოლით შუმახერის ვაჟი, 19 წლის მიკიც ყოფილა გატაცებული. წლეულს მას რვა გამარჯვება მოუპოვებია ფორმულა 3-ის კლაში და სპეციალისტების აზრით, წინ დიდი მომავალი ელის.