უქულო, მაგრამ საჭირო

დეტროიტმა გამარჯვებათა სერია შეწყვიტა 

NBA-ს რეგულარული გათამაშების მორიგ შეხვედრაში დეტროიტ პისტონსმა კაესარს არენაზე ოკალჰომა სიტი თანდერს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით - 83:110 დამარცხდა.

 

დღეს გამთენიისას დასრულებულ შეხვედრაში 14:09 წუთით ითამაშა საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ, რომელიც პარკეტზე მყოფ თანაგუნდელებს სათადარიგო სკამიდან შეუერთდა. ამ დროში, ქართველმა ცენტრმა ქულის აღება ვერ მოახერხა, თუმცა 6 მოხსნა, 2 პასი და ერთი ჩაჭრა მოაგროვა. მოხსნათა კომპონენტში ზაზა გლენ რობინსონთან და ანდრე დრამუნდთან ერთად მის გუნდში საუკეთესო იყო, მთლიანად მატჩში კი მხოლოდ პოლ ჯორჯსა და დენის შრიოდერს ჩამორჩა. 

 

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ოკლაჰომას ფორვარდი სტივენ ადამსი იყო, რომელმაც 21 ქულა, 6 მოხსნა და ერთი ჩაჭრა მოაგროვა.

 

დეტროიტი, რომელმაც დღეს ხუთმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა, 13 გამარჯვებითა და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს გამოცდილი ქართველი ლეგიონერის ახალი კლუბი ყოფილ გუნდ და ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ მილოუკი ბაქსთან 6 დეკემბერს გამართავს.