ლუკას და სხვების ჯილდო

ეს ისეთი რამეა, რომ ვერაფერს მოუხერხებ. ჯილდო ერთია და სამართლიანი

 როგორც  მოსალოდნელი იყო, ის მოხდა, ოქროს ბურთი ლუკა მოდრიჩმა მოიგო. ახლა  ყველა საერთაშორისო გამოცემის პირველი წინადადება ასე იწყება, რომ მას შემდეგ, რაც ეს ბურთი ოდესღაც  სახელგანთქმულმა და ჭკვიანმა რიკარდუ იზეკსონ დუშ სანტუშ ლეიტემ,  კაკამ მოიპოვა, ის თერთმეტჯერ გაინაწილეს ლეო მესიმ და კრიშტიანუ რონდალდუმ და ვინ იცის, ეგებ ეს ორმეფობა კიდევ გაგრძელებულიყო, საქმეს კიდევ ერთხელ რომ არ  დამთხვეოდა მსოფლიო ჩემპიონატი, რომლითაც მობერებულმა პირველებმა თავიანთ სეზონურ გაბრწყინებას   ვერაფერი შემატეს. სხვა შემთხვევაში, ლუკა მოდრიჩს ოქროს ბურთს არავინ დაანახებდა. ეს ლუკა, კი, მესიზე ორი წლით უფროსია და რონალდუზე თვეებით უმცროსი, როგორც ერთ ძველ ზღვაოსანზე იტყოდნენ, ასაკი დაბრკოლება, როდია.

 

საყურადღებო ამ ამბავში ის კი არ იყო, რომ აი, მსოფლიოს მაინც ორი  ყველაზე მაღლა მდგომი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაგან   ერთი მეორეზე მაღლა დგას და მეორე უბრალოდ უკეთეს სეზონს ჩაატარებს ხოლმე და აი, რახან ხორვატიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ივარგა, ამიტომ, მოდი, ხორვატთაგან ყველაზე დამსახურებულს გადავცეთ ეს ჯილოდოო, არამედ ის რაც მოდრიჩმა თქვა ოქროს ბურთის მიღებისას: ეს ბურთი ყველა იმ ფეხბურთელს ეკუთვნის, ვინც ამ წლებში ის ვერ მიიღოო.

 

ძალიან საინტერესო ნათქვამია. ჩვენ კი ვიცით, რომ მესი ყველას ჯობია, მაგრამ  არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ძალიან მაგარი სეზონები აქვთ. ხშირად, ეს სეზონები, არაერთია. ხშირად მთელი კარიერაა. მაგრამ, ჰა. ჯილდოს ამბავი ასეთია. თვალისაც.  არ ვიცი, აქამდე როდის იქნებოდა ლუკა მოდრიჩი ოქროს ბურთის ნამდვილი პრეტენდენტი. ახლა ოცდაცამეტი წლისაა და კი, ხორვატიის ნაკრებს განსაკუთრებული სეზონი ჰქონდა და თვით ლუკასაც ალბათ უკიდურესად დასამახსოვრებელი, რაც თვითონაც აღნიშნა მაგრამ, იყო დრო, როცა ის უფრო მკვეთრი და შთამბეჭდავი ყოფილა. იმ წლებში საუკეთესოთა სამეულშიც კი არ მოხვედრილა ოდესმე, ისევე, როგორც ანდრეა პირლო. ჩავი და ინიესტა თუ მოხვედრილან და რა.

 

ეს ისეთი რამეა, რომ ვერაფერს მოუხერხებ. ჯილდო ერთია და სამართლიანი. უბრალოდ, დღეს სხვა დროა და როგორც ყველაფერი ძველთაგან გადმოსული და ოდესღაც ტკბილი იმ გემოსა და ძალისა ვეღარ არის, როგორიც ადრე ყოფილა. დრო გამოიცვალა, დრო, როგორც კიდევ ერთი წიგნის გმირი იტყოდა. რახან არსებობს, რეალ პოლიტიკა, მგონი, რეალ ფეხბურთიც არსებობს, არსებობს საკულტო ფეხბურთიც, რომელიც მთლად ამ გაცვეთილ ხმის მიცემებში არაა ჩაფლული, მაგრამ პატარაც  არაა.  როგორ შეიძლება  ფეხბურთი ორ კაცამდე დავიდეს, თუნდაც ერთი პელე იყოს და მეორე მარადონა.

 

ჰოდა, კარგია, ლუკას რომ მისცეს. ისე კი გამოვიდა, ოსკარს რომ იძლევიან დამსახურებისთვის, როცა სხვებს საუკეთესო როლებისა და ფილმებისთვის  აძლევდნენ, მაგრამ მაინც. მართლა ყველა იმ დიდი ფეხბურთელის ჯილდოა, ვინც ბოლო ათ წელიწადს ოქროს ბურთს აცდა, თუმცა, დიდად არც უდარდია.  იმიტომ,რომ მესი და რონალდო რომ იღებდნენ ამ ბურთს, ვერ იტყოდი,პირლოსიცაა, ინიესტასიც, ვესლი სნაიდერისაც და სხვებისაცთქო.

 

ახლა კიდევ, ამათიცაა.