ნაწყვეტი ვარსკვლავთა ცხოვრებიდან
1996 წელს, ინგლისის ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც თავად მასპინძლობდა ნახევარფინალში გერმანიის ნაკრებთან პენალტებში წააგო. ჯგუფურ ეტაპზე, ინგლისელებმა შოტლანდიას 2:0 მოუგეს, ერთ-ერთი გოლი კი პოლ გასკოინმა გაიტანა, რომელმაც შემდეგ ორიგინალურად იზეიმა.
რუბრიკაში ნაწყვეტი ვარსკვლავთა ცხოვრებიდან“ ინგლისის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელის იმ ეპიზოდს გავიხსენებთ:
„სეზონის ბოლოს, ჩემპიონატის დაწყებამდე ჰონგ-კონგში გავემგზავრეთ. ცოტას ვვარჯიშობდით, თან ჩემი დაბადების დღეც დაემთხვა და... კლუბში შევედით, მივიხედ-მოვიხედეთ, გვაინტერესებდა სხვები როგორ ერთობოდნენ. სტომატოლოგის მსგავსი სკამი იდგა - შენ ამ სკამზე ჯდებოდი, უკან იხრებოდი და ბარმენი პირში ალკოჰოლს გასხამდა. მე ცოტა დავთვერი.
მერე საიდანღაც პრესა გამოჩნდა, სურათები გადაგვიღეს და ეს ყველაფერი გაზეთებში დაბეჭდეს, სათაურებით: „მოაშორეთ ის ამ ტურნირს“, „ის მზად არ არის“. ერთი გზა მქონდა დარჩენილი, მოედანზე უნდა დამემტკიცებინა ჩემი ძალა. სანამ თამაშზე გავიდოდით, ბიჭებს ვუთხარი: ბიჭებო, ვინც არ უნდა გაიტანოთ გოლი, როდესაც იზეიმებთ, უკან გადაიხარეთ, თითქოს სტომატოლოგის სკამზე ზიხართ და ვიღაცა თავზე სასმელს გასხამთ. ეს პრესისთვის მინდოდა გამეკეთებინა - ირონია იყო. ვფიქრობდი, ეს იმის ჩვენება იქნებოდა, რომ ისინი არასწორად მოიქცნენ“.