ოქროს ბურთმა მოდრიჩი ციხეს გადაარჩინა

ვინ გაყიდა მოდრიჩი?

ლუკა მოდრიჩს ცხოვრებაში საუკეთესო დროება უდგას. 3 დეკემბერს, მადრიდის რეალის ნახევარმცველმა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა, ევროპის ოქროს ბურთი ჩაიხუტა.

 

მთელმა მსოფლიომ იხილა მისი ბედნიერი მშობლების სიხარულის ცრემლები, მეუღლისა და შვილების გახარებული სახეები. ქვეყნის პრეზიდენტ კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩის გულითადი მილოცვა.ამ დღესვე გაცხადდა, რომ მოდრიჩს სისხლის სამართლის საქმეში ცრუ ჩვენებისთვის აღძრული ბრალდება მოუხსნეს. ეს ჩვენება მას ზაგრების დინამოს ყოფილი პრეზიდენტის ზდრავკო მამიჩის სასარგებლოდ მიეცა.

 

 

პირველად, ჯერ კიდევ ოქტომბერში გამოაცხადეს, მუნიციპალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოდრიჩს ბრალდება მოეხსნაო. თუ რატომ, ამის კონკრეტული ახსნა-განმარტება არ ყოფილა. ერთი რამ დაამატეს, ხორვატიის პროკურატურას ვერდიქტის გასაჩივრება შეუძლიაო. ახლა კი დადასტურდა: ზაგრების სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მოდრიჩი კანონთან აბსოლუტურად სუფთააო.2018 წლის ივნისში ზდრავკო მამიჩს 6,5 წელიწადი მიუსაჯეს. მის ძმას - ზორანს 4 წელიწადი და 11 თვე, იქაური ფეხბურთის ფედერაციის დირექტორ დამირ ვრბანოვიჩს სამი წელიწადი, ხოლო დინამოს ბუღალტერ მილან პერნარს - ოთხი. ეს ადამიანები კლუბის ხაზინიდან მრავალმილიონიან გაფლანგვებში, ასევე, მოდრიჩისა და სხვა ფეხბურთელების სატრანსფერო მაქინაციებში დაადანაშაულეს.

 

ზდრავკო და ზორან (ყოფილი მწვრთნელი) მამიჩები, კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობისთვისაც ამხილეს. ხორვატიის მთავრობამ ისინი დინამოს ბიუჯეტიდან 17,3 მილონი დოლარის მოპარვასა და გადასახადების გადაუხდელობაში დაადანაშაულა.

 

 

აღმოჩნდა, რომ ისინი ფეხბურთელების უხცოურ კლუბებში გადასვლის საკომისიოებსაც მალავდნენ.მამიჩი 2015 წელს დააპატიმრეს, თუმცა მალევე გამოუშვეს თავდებით.მოდრიჩი მოწმის სტატუსით გადიოდა საქმეში. 2015 და 2017 წლებში ის ორჯერ დაკითხეს დინამოდან ტოტენჰემში გადასვლის თაობაზე. ლუკასა და ლივერპულის ახლანდელი მცველის, დეიან ლოვრენის ჩვენებები უმთავრესად ითვლებოდა საქმეში.ინგლისურმა კლუბმა, ხორვატი 2008 წელს შეიძინა 21 მილიონ ევროდ.

 

გამოძიება ამტკიცებდა, მოდრიჩის ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვევაო. შედეგად, ფეხბურთელს ხუთი თვიდან ექვს წლამდე პატიმრობა ელოდა.„ვფიქრობ, ჩემი ტოტენჰემში გადასვლით„ დინამომ 21 ან 23 მილიონი ევრო მიიღო. თანხის ნაწილი კონტრაქტის მიხედვით გადმომცეს, რომელიც ზაგრებულ კლუბთან მქონდა დადებული.

 

 

კონტრაქტში ამ თანხის შუაზე გაყოფაზეც იყო საუბარი. ფული ბანკში ავიღე, ბრალდებულის ძმას და შვილს გადავეცი.“ - ამბობდა ლუკა.საინტერსოა, რომ ხორვატიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ზორან მამიჩი ამჟმად არაბულ ალ-აინ წვრთნის და მისი ექსტრადაცია შეუძლებელია. მისი ძმა ზდრავკოც თავისუფლადაა და ბედნიერად ცხოვრობს ბოსნია ჰერცოგოვინაში. 

 

ახლახან ხორვატულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია: ამ ქვეყანაში არსებულმა ინტერპოლის ოფისმა, ხორვატიის მთავრობაზე დაყრდნობით, მამიჩის დაპატიმრების მოთხოვნა მიიღო. მაგრამ ბოსნიელები, კონსტიტუციის თანახმად, საკუთარ მოქალაქეებს არავის გადასცემენ.

 

 

ზდრავკომ ახლახან პრესკონფერენცია გამართა, ყოველივეს პროვოკაცია უწოდა და დასძინა, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობსო. სამშობლოში კი მისი ქონება დაყადაღებულია.