დიდი ვარსკვლავის გარდაცვალება

ილია ბაბუნაშვილი დიდი ვარსკვლავის გარდაცვალება
12:34 / 22 ივლ 2021

ნაძალადევი ნაძალადევი სიტყვაა. მე მაინც ნახალოვკა მგონია მართალი, რადგან უბანი ასეთი სახელით ოდესღაც რუსეთის იმპერიის ბევრ ქალაქში ერთდროულად გაჩნდა. ჰოდა, იდგა ნახალოვკაში, თავის ქუჩაზე, ბოი ვასო – უბნის კოლორიტი. ორმა გამოიარა. ბირჟამ თვალი გააყოლა ჩამვლელებს. ბიჭებმა ჰკითხეს, ვასო, ხომ არ იცი, ესენი ვინ იყვნენო. ერთი არ ვიცი და მეორე ვერ ვიცანიო, უპასუხა ვასომ.

ცხოვრება ხელბურთში: იმედო ფხაკაძე

ქართული ხელბურთის ლეგენდა, იმედო ფხაკაძე 78 წლისა გარდაიცვალა. უკურნებელ სენს არ ეპუებოდა. ბოლომდე იმ ეზოში ცხოვრობდა სადაც დაიბადა, ნახალოვკაში. თავიდან, თავისუფალ ჭიდაობაზე დადიოდა და მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაებეჭდა ის დღე, როდესაც უფროსმა ბიჭებმა, ბოი ვასოს დოსტებმა უთხრეს, დღეს ავჭალაში ჩხუბი გვაქვს, ხომ არ წამოხვალო. ესე იგი, ენდობოდნენ. თან, ძალა ერჩოდა.

მას მერე, მთელი ცხოვრება ასე გაიარა — ენდობოდნენ. მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე იყო. იმხელა საბჭოთა კავშირის ნაკრებში, ერთმა ჩინოვნიკმა რომ იკითხა, ფხაკაძე რად გვინდა, რუსი ბიჭები რა, არ გვყავსო, მეორემ უპასუხა, ეგ აუცილებლად უნდა იყოს, იმიტომ, რომ „ბაეციაო“.

თავისებურება ჰქონდა ერთი: მარჯვენა „კუთხე“ იყო, მაგრამ მარჯვენა ხელით თამაშობდა. წარმოიდგინეთ, ხომ? მარჯვენა გარემარბი რომ ხარ და მახვილი კუთხიდან უტევ, კარში დარტყმა მარცხენა ხელით უფრო ლოგიკურია, იმედო ფხაკაძე კი მემარჯვენე იყო. ამიტომ, ნაკრებში თამაშს სხვას აწყებინებდნენ, მაგრამ 10-15 წუთის შემდეგ ის შეჰყავდათ და მორჩა, მერე ბოლომდე ტოვებდნენ მოედანზე.

ღონე ერჩოდა, მეთქი. ყოფილა, მოწინააღმდეგე ზურგზე შეხტომია, ის კი თან კაცს მიათრევდა და თან კარისკენ მიიწევდა. ბურთს ხელიდან მარტო ჯემალ ცერცვაძე მგლეჯდა, სხვას არავის გამოუგლეჯიაო. ცერცვაძე ფენომენალური იყო.

იმედო ფხაკაძე და თბილისის „ბურევესტნიკი“ ორჯერ გახდნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები. სამჯერ მეორეზე გავიდნენ, ერთხელ მესამეზე.

მაშინ, მართლა სხვა დრო იყო. ხალხს თავი ტელეფონებში არ ჰქონდა ჩარგული; საღამოობით ან თეატრში მიდიოდა, ან კინოში, ანაც ფეხბურთთზე, კალათბურთსა თუ ხელბურთზე. იმ წლებში, ხელბურთი თბილისში უზომოდ პოპულარული გახდა. თან, გუნდში სულ თბილისელები თამაშობდნენ: ნახალოვკელი, პლეხანოველი, ვერელი… საგულშემატკივროდ ხალხი უბნებიდან მოდიოდა. მაგრამ, ზუსტად მაშინ გრძნობდა იმედო ფხაკაძე, რომ თუ ხელბურთის ბურთის ხმა მთელ საქართველოში არ გავრცელდებოდა, პრობლემების წინაშე დადგბოდნენ. მარტო თბილისი ვერ გაქაჩავდა. საქართველოს პირველობებზე განზრახ, მთელი ძალით ეთამაშებოდა რაიონების გუნდებს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მათ გამოცდილება მიეღოთ და მეორეც იმიტომ, რომ ანგარიშში დიდ სხვაობას სპორტის ხელმძღვანელი მუშაკები ჩაეფიქრებინა; მიმხვდარიყვნენ, რომ საქმეს მარტო „ბურევესტნიკი“ არ ეყოფოდა.

იმედო მწვრთნელი გახდა. 67-ში თამაშს თავი რომ დაანება, ნახა, რომ დიდი ჩავარდნა დაიწყო, რასაც ვერ შეეგუა. მივიდა და განათლებით ეკონომისტი, ფიზკულტურის ინსტიტუტში ფსიქოლოგიისა და ანატომიის სწავლას შეუდგა. ხედავდა, ფსიქოლოგები მარტო არსებულის ანალიზს ახერხებდნენ, გამოსწორების გზებს კი ვერ ამბობდნენ. ეს მანდრაჟისტია, ის ფსიხია, მესამე კიდევ რაღაცა… კარგი, ბატონო, მაგრამ როგორ გამოვასწოროთ? და თვითონ დაიწყო ძიება.

1975 წელს, იმედო ფხაკაძის გაწვრთნილი გუნდი საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე, მესამე ადგილზე გავიდა. ეს უკვე ძალიან კარგი შედეგი იყო!

ცხოვრება ხელბურთში: იმედო ფხაკაძე

იმხანად, ხელბურთში გუნდს შეტევისთვის 45 წამი ეძლეოდა. ჰოდა, ახალგაზრდა მწვრთნელმა ასეთი რაღაც მოიფიქრა: ყველა მეტოქის თამაში რომ შეისწავლა, თავის ბიჭებს უთხრა — ივანოვი მარჯვენა ხელით აქეთ არტყამს, პეტროვი – იქით, სიდოროვი – დაბლა, ვიღაცა – მაღლა; თქვენ მათ „საყვარელ მხარეებს“ თავი დაანებეთ, მეორე კუთხე დაუკეტეთ, „საყვარელი მხარე“ კი მეკარეს დაუტოვეთო. გაამართლა. ბევრ ეპიზოდში, მეკარე ალექსანდრე ხუციშვილი იმდენად მომზადებული შეხვდა დარტყმას, რომ ბურთი პირდაპირ ხელში დაიჭირა და მეტოქეები სწრაფ კონტრშეტევებზე გამოვიჭირეთ.

77-ში იმედო ფხაკაძემ „ბურევესტნიკი“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატშიც მესამე ადგილზე გაიყვანა.

მის გუნდში ზოგი თბილისელი იყო, ზოგი ლაგოდეხელი, ზოგი ოზურგეთელი, სამტრედიელი თუ ლანჩხუთელი…

ის როგორ იყო? ქობელ, ფეხები დაუბაკუნეო…

ეს უკვე 2007 წელს, ნორვეგიაში, ჩელენჯ ტროფიზე მოხდა, როდესაც ხელბურთსა და ცხოვრებაში უკვე ყველაფრის მნახველი იმედო ფხაკაძე საქართველოს ნაკრებს ედგა სათავეში.

ფინალია, ლუქსემბურგთან ვთამაშობთ. შეხვედრის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე 6 ბურთს ვიგებთ, მაგრამ უცებ… გუნდში რაღაც აირია.

სახელი. იმედო ფხაკაძე] ჩემპიონი, რომელიც დღესაც ხელბურთით ცოცხლობს | Lelo.Ge

3 წუთი რჩება, უპირატესობა კი 3 ბურთამდე შემცირდა. თან, ლუქსემბურგელებიდან ვიღაცამ აიწყვიტა, გოლი გოლზე გააქვს. ჩვენებიც უკვე ქანცგაწყვეტილები ჩანან. იმედო ფხაკაძემ წუთშესვენება ითხოვა და გიორგი ქობელაშვილს უთხრა, ის კაცი თუ გასწრებს და ვეღარ ეწევი, არა უშავს, უკნიდან ფეხები დაუბაკუნე, ეგონოს, რომ მოსდევო.

და, თქვენ წარმოიდგინეთ, ამანაც გაამართლა. საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა.

იმედო ფხაკაძე კი იყო, არის და იქნება ქართული სპორტის ლეგენდა!