კარი იკეტება? ესე იგი, ეტევიან!

ილია ბაბუნაშვილი კარი იკეტება? ესე იგი, ეტევიან!
05:24 / 17 ივნ 2021

უეფამ კრისტიან ერიქსენის გასამხნევებლად კლიპი გადაიღო. ჯერ პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ამხნევებს დანიელს, შემდეგ, ინგლისური ანბანის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთელები და მწვრთნელები, ბოლოს კი ევრო 2020-ის მსაჯები გამოდიან. ასო-ბგერა R-ის ჯერი რომ დგება, რუსეთის სახელით რიფატ ჟემალეტდინოვი აგულიანებს კოლეგას და… ორი რამით იპყრობს ყურადღებას. ჯერ ერთი, საბრალო ერიქსენს ყველა სახელით, კრის ან კრისტიან რომ მიმართავს, ეს, გეგონება პლაცზე სამწყობრო მომზადებას ატარებდეს იძახის: ერქსენ! ხოლო, მეორე და ძალიან ნიშანდობლივი ის არის, რომ ჟემალეტდინოვი კოლეგას გამოჯანმრთელებას პირადად თავისი, მთელი გუნდის და… სახელმწიფოს(!) სახელით უსურვებს.

Christian Eriksen news: Denmark's star in stable condition after collapsing during match vs. Finland - DraftKings Nation

ერიქსენს კი ღმერთმა უშველა. და ჩვენ, ყველა დაგვიფარა უფალმა, ამხელა ფორუმსა და ზეიმზე, ჯერ კიდევ პანდემიაში მყოფ კაცობრიობას გულზე ძალიან მძიმე დარდი რომ არ დაგვამატა, თან პირდაპირ ეთერში. ეს ხომ სრული კრახი იქნებოდა. ეს იქნებოდა ამოსუნთქვის, გალაღების მცდელობის ჩანასახშივე ჩასრესა. ეს იქნებოდა… წარმოდგენაც არ მინდა, რა იქნებოდა ეს.

და კიდევ, ძალიან არ მინდა დავსვა ეს კითხვა, მაგრამ მაპატიეთ და გვერდს ვერ ვუვლი: გადავრჩით თუ უბრალოდ გადავავადეთ უბედურება? ის, რაც კრისტიან ერიქსენს შეემთხვა გამონაკლისი შემთხვევა, ერთი ადამიანის ორგანიზმის ვერაგი საქციელი  იყო თუ იმ დატვირთვების შედეგია, მსოფლიო ფეხბურთში სიხარბემ რომ მოიტანა?

წლებია, რაც ფეხბურთელები, დიდი ხელფასების საფასურად, კვირაში რამდენჯერმე მთელი დატვირთვით თამაშობენ, ამის გასაძლებად კი ცუდად გახდომამდე ვარჯიშობენ. ხოლო, ცუდად გახდომამდე ვარჯიშს ვიტამინებისა და ათასგვარი მედიკამენტის მიშველება სჭირდება და ასე გრძელდება მთელი კარიერის განმვალობაში.

Euro 2020: Denmark vs Finland suspended after Christian Eriksen collapses on pitch

მე მყავს მეგობარი, დიდი ხანი, ხან ერთი გუნდის ადმინისტრატორად მუშაობდა, ხან მეორის. ამ ბოლო დროს სპორტულ მედიცინაშიც გაერკვა. მონდომებულია, სწავლობს. ჰოდა, მის მონაყოლს გეუბნებით, დაახლოებით თხუთმეტი წლის წინანდელს.

იანვრის შეკრებაზე თურქეთში ვიყავით. ჩვენთან ერთად ბევრი სხვაც ემზადებოდა და მათ შორის ერთი ცნობილი უკრაინული გუნდიც იყოო. ისე მომხდარა, რომ ჩემი მეგობრის გუნდს და იმ ცნობილ უკრაინულს, ერთდროულად უწევდათ სადილობა. არ დამავიწყდება მეგობრის სახე, ყველა რაღაცით იყო გართული, მე კი გაოცებული ვუყურებდი უკრაინული გუნდის ექიმის ვეებერთელა ტომსიკას, რომლითაც ჭამის დაწყებამდე, ჭამის დროს თუ მერე ყველა მოთამაშეს ჩამოუვლიდა და განა ერთ ან ორ, ბევრ სხვადასხვა აბს აყლაპებდაო.

და ვინმე მეტყვის, რომ იმ უკრაინელმა ექიმმა იცოდა, რა ეფექტს იქონიებდა ეს აბები, იმ საშუალოდ 20-25 თუ გნებავთ 30 წლის ახალგაზრდებზე წლების შემდეგ? ან თუ გნებავთ რა მოუვიდოდა მათ ორგანიზმს ორი წლის მერე? ანდა, მისმა კოლეგებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან ვითომ იციან ეს?

ვეჭვობ, რომ მათ იციან მხოლოდ ის, რაც ამა ქვეყნის ძლიერებს  სჭირდებათ: ამ აბების წყალობით, ეს ბიჭები კიდევ რამდენიმე წელიწადს ირბენენ კვირაში სამჯერ დროგის ცხენებივით და მერე… უფალი დიდია. ხომ გადაარჩინა ერიქსენი.

ერიქსენის ცუდად გახდომამ ჭკუა არავის რომ ასწავლა, იქვე, ერთ საათში გამოჩნდა, როდესაც თამაში განაახლეს.

არ მოკვდა? მაშინ არა უშავს! — ასეთი გამოვიდა მიდგომა. (გახსოვთ, ბერიას დროინდელი? „საკნის კარი იკეტება? ესე იგი ეტევიან!“)

Christian Eriksen 'awake and stable' after collapsing during Denmark-Finland tie | St Albans & Harpenden Review

მსოფლიოს სხვადასხვა არხებს ექსპერტებად მიწვეული ჰყავდათ დიდი ვარსკვლავები: ჯანფრანკო ძოლა, რუუდ გულიტი, სხვა და სხვა. ყველა ერთხმად ამბობდა, რომ დანიისა და ფინეთის თამაშის იმავე დღეს გაგრძელება, მარტივი და არც მთლად ზნეობრივი გამოსავალი იყო.

სამწუხაროდ, უეფამ მაინცდამაინც ამ გზას მიმართა!

და მე ჯერ არ გამიგია ვინმეს ეთქვას, რომ რაკი ეს ფულის მოსახვეჭად ჩასმული გაუსაძლისად ბევრი თამაშის ბრალია, მათი რაოდენობა უნდა უნდა შემცირდეს.