როცა სიგიჟე გაივლის

ილია ბაბუნაშვილი როცა სიგიჟე გაივლის
18:39 / 24 მაი 2022

რა ხდება გამაგებინეთ. რამ გააგიჟა ეს ხალხი?! ხომ უნდა ჰქონდეს რაიმე ახსნა?! ყველგან, საქართველოს ჩამორჩენილი ჩემპიონატით დაწყებული, პრემიერლიგით დამთავრებული, ხალხი მოედანზე ხტება და ეშმაკმა უწყის რას სჩადის. ამტვრევს, ანგრევს, ფეხბურთელებს ხელით ეხება. ფეხბურთელებიც, სადაც ახერხებენ პასუხობენ. უმეტესობა უბრალოდ წინ და უკან დარბის, ყვირის. ყველანი შეპყრობილებს ჰგვანან.

ზემოთ დასმულ კითხვაზე ორი პასუხი მომისმენია, ეზოთერული და სამედიცინო. ეზოთერული ასეთია: იქ, სადღაც ზეცაში, კოსმოსში, ვერძეთსა და მერწყულეთში რაღაც ხდება და ეს რაღაც დაბლა ადამიანებზე მოქმედებს. ამიტომაც გავგიჟდით. ფეხბურთს ვინ  ჩივის, რამხელა ომი ატეხეს ხომ ხედავთ? ეზოთერულ ამბებს დაწვრილებით ალბათ ვარსკვლავთმრიცხველები გვეტყვიან.

Aston Villa goalkeeper Robin Olsen assaulted during Etihad Stadium pitch invasion following Premier League win as Man City fans destroy goalposts 'like the Scots at Wembley' and Roy Keane worries for player

სამედიცინო პასუხი კი მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა კაპიტანმა როი კინმა გაგვცა — ყველაფერი კოვიდის ბრალიაო. იმ ორი წლის განმავლობაში, სახლში რომ ვისხედით, ენერგია დაგვიგროვდა, ქცევის წესები კი დაგვავიწყდაო. სრულიად შესაძლებელია ასე იყოს, რატომაც არა.

სხვა ვერსია გაქვთ? ერთი ფაქტია, ყველაფერი ისე მიეწყო ერთმანეთს, რომ რაღაც კავშირი აშკარად უნდა არსებობდეს. აქ, საფრანგეთში, ინგლისში… კიდევ იყო სადღაც-სადღაც.

მართალი გითხრათ, პირადად მე ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ხულიგნობის მოყვარული ქართველები თავს გაიმართლებენ, ჩვენ რას გვერჩით, ხომ ხედავთ ევროკავშირში რა ხდებაო და როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ, იმწუთას ისევ ჩახტებიან მოედანზე. აი, სწორედ ეს არ მინდა. მირჩევნია საფრანგეთს და ინგლისს ვანდალიზმში კი არა, ფეხბურთის თამაშში მივბაძოთ. სკამების მტვრევა ყველას შეუძლია, თუ ბიჭი ხარ ფეხბურთში მოუგე.

თან იქ, იმ ქვეყნებში, სიგიჟე აუცილებლად გადაუვლით, დაწყნარდებიან, ტრიბუნებზე დაბრუნდებიან და ძველებურად დასცხებენ საქომაგო სიმღერებს, ჩვენთან კი მთელს სტადიონს ერთხმად მგონი ჯერაც არ უმღერია. გულშემატკივართა პატარა ჯგუფები სკანდირებენ გარითმულ ფრაზებს და ეს არის.

Sheffield Utd star Sharp left bloodied by fan attack following play-off loss to Nottingham Forest

იმ დღეს, მანჩესტერ სიტის ვიღაც ფანმა ასტონ ვილას მეკარეს ჩაურბინა და დაარტყა. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, ნოტინგემელმა ხულიგანმა შეფილდ იუნაიტედის მოთამაშეს დაჰკრა და დააგდო. ხომ იცით ამაზე კლუბებსა და პოლიციას როგორი რეაქცია ჰქონდათ? საქმე გამოიძიეს, ცოფიანები გამოააშკარავეს და კანონის წინაშე აგებინეს პასუხი. ცხოვრებაში სტადიონზე აღარ შეუშვებენ.

ჩვენთან? აქ ორი გუნდის გულშემატკივარი რომ ჩახტა მოედანზე, მესამემ უსაფრთხოება კი არ გააძლიერა, ჭიშკარი დაკეტა და ცარიელი ტრიბუნების წინ ითამაშა. ღვთის გულისათვის, ჩვენთან საფეხბურთო ხულიგანს ვინ მოგიძებნის…

საბოლოოდ კი იმის თქმა მინდა, რომ მაისის სიგიჟეების შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილს რომ დაუბრუნდება, ისევ გამოჩნდება — ჩვენ სხვაგან ვართ, ხოლო ისინი სხვაგან; ჩვენგან ძალიან შორს. ჰოდა, იმ ინგლისელებისთვის იქნებ ტრიბუნიდან ჩახტომის, გიჟებივით სირბილის და უმიზნო ყვირილის ნაცვლად მაინც ბურთის თამაშში მიგვებაძა. ხულიგნობას ფეხბურთი მირჩევნია და რა ვქნა.