ჩემი „სვარკა“!

ილია ბაბუნაშვილი ჩემი „სვარკა“!
14:49 / 31 მარ 2022

იმ დღეს ახლობელმა მკითხა, დღეს ჩვენების „სვარკა“ რომელ საათზეაო. გულზე ცუდად მომხვდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მერე მკითხა, კვარაცხელია თუ ითამაშებსო. არა, მეთქი. აუ, აბა მაგას რა ნახავსო. ამაზე ვუთხარი, რომ მე საქართველოს ნაკრებს სანახაობის გამო არ ვუყურებ. საქართველოს ნაკრებს იმიტომ ვუყურებ, რომ ის ჩემი ქვეყნის გუნდია და ვგულშემატკივრობ. პათეტიკაში თუ არ ჩამომართმევთ, „სხვა სამშობლო ამაზე მეტი (სხვა ნაკრებიც) არ გამაჩნია“.

ზოგადად კი, ისეთი გუნდების თამაშს, როგორიც დღევანდელი საქართველოს ნაკრებია არ ვუყურებ. მათ ალბათ არც თავად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უყურებენ. ჩვენ ყველანი ვუყურებთ ბრაზილიას, არგენტინას, ნიდერლანდებს, გერმანიას, საფრანგეთს, ესპანეთს და ამ დონის შემსრულებლებს. ჩვენი კალიბრის გუნდებიდან კი მხოლოდ საკუთარი თავი გვაინტერესებს, რაც მარტივად რომ ვთქვათ ლოგიკურია.

Image 10

ასე რომ, თუ ვინმე — ახლობელი იქნება თუ უცნობი — შეეცდება ამიხსნას, რომ ჩვენი ნაკრები დღეს ძლიერად და ლამაზად არ თამაშობს, ტყუილად დაიღლება. ეს ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ მაინც მიხარია, რომ ბოლო ხუთი თამაშიდან ოთხი მოვიგეთ, ერთი კი ფრედ ვითამაშეთ.

ოთხმოცდაათიან წლებში, როდესაც მარჩელო ლიპი იუვენტუსის მწვრთნელი გახდა, ამხანაგურებისთვის სუსტ მეტოქეებს არჩევდა. ერთი მოიგო, მეორე, მესამე, მეშვიდე… გამარჯვებულის მენტალიტეტს აყალიბებდა. ჩვენს ბოლო ხუთ მეტოქეს შორის, მადლობა ღმერთს შვედეთიც ერია.

თუმცა, ხუთივე თამაშზე არ გვინდა, მოდი ბოსნიასა და ალბანეთზე ვთქვათ. ამ შეხვედრებში კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქართველოს ნაკრები ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად (თუნდაც საუკეთესო ფორმაში არ იყოს) და ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ორი სხვადასხვა გუნდია. ეს, ერთი მხრივ, ძალიან კარგია, იმის გამო, რომ ჩვენ გვყავს კოზირი ხვიჩა კვარაცხელია, მაგრამ ცუდია, რადგან გამწვავება და გოლის გატანა სხვანაირადაც უნდა შეგვეძლოს — თუ ამას კომბინაციური ფეხბურთით მოვახერხებთ, მთლად უკეთესი.

Image 24

კარგი იყო თავდადება და მონდომება. კი ბატონო, ამ ეტაპზე სულ ეს არის რაც შეგვიძლია, მაგრამ უგულო თამაში კარგა ხანია არ მინახავს, რისთვისაც მადლობა ვილი სანიოლს. აღარ ისმის ბიჭებმა მწვრთნელი „ჩაუშვეს“ და ასეთი საზიზღრობები. როგორც ჩანს, გუნდში კარგი ატმოსფეროა.

ოღონდ, დაცვიდან ბურთის ეგრეთწოდებულ ამოტანასაც თუ ვისწავლით, შესანიშნავი იქნება. ვფიქრობ, ეს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მხარეა. არადა, ბოსნიასთანაც და ალბანეთთანაც კონტრშეტევაზე ვთამაშობდით. ყოველ შემთხვევაში გვინდოდა კონტრშეტევაზე გვეთამაშა, მაგრამ ვაგლახ, იმის გამო რომ ბურთი ცენტრს აქეთ ვერ გადმოგვქონდა, საჯარიმოსთან ვრჩებოდით მიჯაჭვულები.

და როდესაც „ამოტანაში“ გავერკვევით, იქნებ სახიფათო და შემაწუხებელ უკან-პასებსაც შევეშვათ. ნამდვილი საშინელებაა.

რასაკვირველია, „ამოტანა“ მეტოქის აგრესიული პრესინგის დროს უფრო ძნელია, მაგრამ ეს უკვე ტაქტიკური საკითხებია, რომელთა მოგვარება ჯობს, მწვრთნელებს მივანდოთ.

საქართველოს ნაკრებმა ალბანეთში ივარჯიშა - მზადება მეორე ამხანაგური მატჩისთვის

მეკარეებს კი, ყოჩაღ! ნუ, ლორია ლორიაა, აი მამარდაშვილის ზრდა კი ძალიან მახარებს. ის უკვე სხვა გოლკიპერია; ამ ნახევარი წლის წინ სხვა იყო. ასე იცის ბარსასთან, რეალთან, ბილბაოსთან და ლა ლიგის გუნდებთან პრაქტიკამ.

და რასაკვირველია, ერთა ლიგის თამაშებში ველით იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ამ ორ ამხანაგურ შეხვედრაში ტრავმებისა თუ სხვა მიზეზების გამო არ იყვნენ. ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე (ძველებური) და თორნიკე ოქრიაშვილი ჩვენი ნაკრებისთვის დიდი ძალაა.