ცხვირი ჰგავს? ჰგავს!

ილია ბაბუნაშვილი ცხვირი ჰგავს? ჰგავს!
14:33 / 22 ივნ 2022

ფეხბურთის წესები შევცვალოთო. გადავხედე-გადმოვხედე და თუ სწორად მივხვდი, ფიფა ყველაზე მეტად იმან შეაწუხა დრო რომ დროზე ჩქარა მიქრის. ან პირიქით, ნელა გადის. მოკლედ, ფეხბურთელები მოედანზე 90 წუთს ატარებენ, მაგრამ გაცილებით ნაკლებს თამაშობენ.

ინგლისში თურმე ითვლიან და უკმაყოფილონი არიან, რომ გასულ სეზონში თამაშის სუფთა დრომ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია: 55 წუთსა და 7 წამს. ეს ერთ ტაიმზე ცოტა მეტი გამოდის. ანუ, ნახევარი თამაშის განმავლობაში ვიღაცის დინჯ წამოდგომას, გადავარდნილი ბურთის მოტანას, მსაჯთან კამათს და რაღაც ასეთებს ვუყურებთ. თან ეს პრემიერლიგაში, თორემ ქვედა ლიგებში უარესია — სუფთა დრო 50 წუთზე ნაკლებია.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მანჩესტერ სიტი თურმე 60 წუთზე მეტს თამაშობს. ოღონდ, მხოლოდ მანჩესტერ სიტი.

(ინგლისში თუ ასეა, ჩვენთან რა ხდება ხომ წარმოგიდგენიათ…)

Tagliavento to referee Inter for the 33rd time in the derby

ჰოდა, გამოსავლად აი, რას გვთავაზობენ: ტაიმი 30 წუთამდე შევამციროთ, ოღონდ სუფთა დრო დავნიშნოთო. ანუ, 30 სუფთა წუთი. სხვა სიტყვებით, კრიშტიანუ რომ ჯარიმის დარტყმამდე ხუთ თუ შვიდ ნაბიჯს „ზადნით“ გადადგამს, მაგ დროს წამმზომი გამორთული იქნება.

წამმზომსაც კალათბურთივით კლებაზე ჩართავენ, ოცდაათიდან ნულამდე.

თორემ, დღეს გამოდის, რომ  სუსტ გუნდებს ძლიერებთან შედარებით ტაქტიკური უპირატესობა აქვთ. ეს უპირატესობა კანონიერია, მაგრამ ცოტა უნამუსო. სუსტი გუნდების ფეხბურთელებს შეუძლიათ ნელა წამოდგნენ, აუტის მოწოდებას დიდი ხანი მოანდომონ, კუთხურის ჩაკიდება გააჭიანურონ და სხვა. რაც მთავარია, ყვითელი ბარათი და მსაჯის ბრაზიანი სახე ამას ვერ შველის, აი სუფთა დრომ კი შეიძლება ყველაფერი შეცვალოს.

სხვათა შორის, ექსპერტებმა, ვისაც ამ საკითხის შესწავლა დაავალეს, თქვეს, რომ დროს ყოველთვის სუსტები არ ფლანგავენ. ხშირად, იმ გუნდებს, რომლებსაც სტანდარტული მდგომარეობები კარგად გამოუდით, დრო თავისდაუნებურად გაჰყავთ. ანუ, სანამ მათი ყველა საკვანძო ფეხბურთელი წინასწარ დამუშავებულ ადგილზე არ ჩავა და ყურადღებას არ მოიკრებს, მანამდე თამაშის განახლებას არ ჩქარობენ, ამასობაში კი საათი წიკწიკებს.

FIFA picks three female referees and three female assistants to officiate  Qatar 2022 in historical selection - Eurosport

საინტერესო სტატისტიკაა: პრემიერლიგის ორი გუნდი, რომელთათვისაც სტანდარტული მდგომარეობები ყველაზე მნიშვნელოვანია, არიან ვესტ ჰემი და ბრენტფორდი. ჰოდა, ოქტომბერში, როდესაც ისინი ლონდონში შეხვდნენ ერთმანეთს, დაინიშნა 29 ჯარიმა და 17 კუთხური. სუფთა დრო არ გაინტერესებთ? 41 წუთი და 33 წამი…

თუმცა, არის საკითხი, რომელმაც დავა და ეჭვი გამოიწვია. ეს გახლავთ უკუღმა მთვლელი საათი. 2017 წელს მასზე უარი თქვეს, ფეხბურთი მარტო ელიტური სპორტი ხომ არ არის, ასეთი მოწყობილობა დაბალი დონის შეჯიბრებებში როგორ წარმოგიდგენიათო. ახლა, სხვანაირად ალაპარაკდნენ: VAR-ს მხოლოდ ელიტურ დონეზე (12 კამერა)  ხომ არ ვაყენებთ, დაბალი ლიგებისთვისაც ვქმნით უფრო მარტივ სისტემებს და საათთან დაკავშირებითაც ასევე მოვიქცევითო. თან ფსიქოლოგიურ ეფექტს ელიან, სათამაშო დროის კლება მეტ მღელვარებას და დრამატიზმს გამოიწვევსო. წარმოიდგინეთ: 9,8,7,6,5… იჭიმება ნერვები.

არის ხალხი, რომელიც შიშობს, რომ ტაიმის 30 წუთამდე შემცირება თამაშის ხანგრძლივობას მაინც შეამცირებს, მაგრამ კოლინა გვპირდება, რომ ასე არ მოხდება. ამბობს, ყველაფერს ვიზამთ ასე რომ არ მოხდესო.

ვნახოთ, ვნახოთ…

პირადად მე, როგორც ძველი გულშემატკივარი მაინც ტრადიციებს მივტირი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ დრო გადის და ცხოვრება იცვლება.

მოკლედ, ცხვირი ჰგავს? ჰგავს! ტუჩ-ნიკაპი? ჰგავს! მაგრამ მაინც არ არის ეგ ჩემი ფეხბურთი.

P.S. ზემოთ მოგახსენეთ, რომ ფიფას სათამაშო დროის რეგულირება ყველაზე მნიშვნელოვან საქმედ მიაჩნია-მეთქი, მაგრამ არის სხვა იდეებიც, რომელთა შესახებ თუ თქვენი ნება იქნება, მომავალში ვილაპარაკებ.

 

 

Cristiano Ronaldo: Portugal free kicks - Mirror Online