ჰოპ, მხოლოდ გადახტომის შემდეგ!

ილია ბაბუნაშვილი ჰოპ, მხოლოდ გადახტომის შემდეგ!
13:48 / 8 ივნ 2022

ბლოგის დაწერა იმ დროს მიწევს, როდესაც საქართველოს ნაკრებს ოთხიდან ორი თამაში აქვს ჩატარებული — მოვუგეთ გიბრალტარს (4:0) და ბულგარეთს (5:2). ანუ, ამწუთას მიჯრით ორი მატჩი კიდევ გველის. ჰოდა, ცუდ დღეში ვარ. ნაკრებმა ორი ასეთი თამაში მოიგო და მე რომ ბლოგი მანჩესტერ რომელიმეს ან გარდასულ დღეთა მოგონებას მივუძღვნა, მკითხველისთვის გაუგებარი დარჩება. არადა, შუა გზაში რაზე გინდა ილაპარაკო? ჯერ არ გადავმხტარვართ და ჰოპს ვერ დავიძახებ.

ამ ეტაპზე რაიმეს დასკვნაც შეუძლებელია. დარჩენილ ორ შეხვედრაზე ლაპარაკი — ასე მოხდება-ისე მოხდებაო — კი არ ივარგებს. წინადადების დამთავრებას ვერ მოვასწრებ, რომ ორივე მატჩი ჩატარდება და თამაშგარე მდგომარეობაში დავრჩები.

Image 12

და მაინც, სანამ ამ სიტყვების წერას დავიწყებდი ჩრდილოეთ მაკედონიურ საიტებში შევიხედე და თვალში სანიოლისა და ხვიჩა კვარაცხელიას გამონათქვამები მომხვდა. ქართველების ფრანგი მწვრთნელი ამბობდა სკოპიეშიც მოგება მინდაო, ხვიჩა კი შურისძიებაზე ლაპარაკობდა. მართალიც იყო, მაკედონიელებთან მართლაც ჩვენი ანგარიში გვაქვს, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენი მწვრთნელისა და ვარსკვლავის სიტყვებს მეტოქის ბანაკი საბრძოლო განწყობის შესაქმნელად იყენებდა: ნახეთ, ესენი რას ბედავენ, გავიდეთ ერთი მოედანზე და სეირი ვაჩვენოთო.

არც არის გასაკვირი. ჩრდილოეთ მაკედონიამ „ის დასანანი“ ფინალი რომ მოგვიგო, მერე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, შემდეგ იტალია დატოვა მუნდიალს მიღმა და ცხადია ამბიციაც გაუჩნდა. ჩვენ თუ გაგვიჩნდა, მაკედონიას რატომ არ უნდა გასჩენოდა. არადა, ამ წუთისთვის ჩვენი ბიჭებიც კარგად არიან დაქოქილები.

მაინც, იქნებ აჯობებდა გვეთქვა, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ძლიერი გუნდია, თან შინ თამაშობს რაც ცხადია უპირატესობაა და ასეთი რაღაცები. თუმცა, რას გაიგებ…

Image 9

კიდევ, საინტერესო წერილი წავიკითხე ერთ-ერთ ბულგარულ ვებ-გვერდზე. წერდნენ, საქართველოსთან ჩვენმა ფეხბურთელებმა არ ირბინესო და სტატისტიკა მოჰყავდათ, შემდეგ კი ამ სტატისტიკის საფუძველზე ასკვნიდნენ, რომ ბიჭებს მეტი სირბილი შეეძლოთ, მაგრამ იმ დღეს, რაზგრადში, თავიანთი შესაძლებლობების მხოლოდ 80 პროცენტი გამოიყენეს. ნეტავ მართალია? და თუ მართალია, ამის მიზეზი რა იყო? შიდა ინტრიგები? დაუჯერებელია. როგორ უნდა წარმოვიდგინო, რომ ვინმეს თავისი ქვეყნის პრესტიჟისთვის ასეთი დარტყმის განზრახ მიყენება შეუძლია. ალბათ, უბრალოდ ვერ აეწყვნენ. არ დაგვავიწყდეს, ვინ იყო აქამდე საქართველოს ნაკრები ბულგარეთისთვის: გუნდი, რომელსაც ორჯერ 6:2 მოუგო, ერთხელ 4:1 და ერთხელაც 2:0. კიდევ ერთი თამაში დამთავრდა ფრედ, 0:0 და საქართველომ ერთადერთხელ გაიმარჯვა (2:1), ისიც 22 წლის წინ. ჰოდა, ასეთ „ფუნთუშასთან“ უცებ 2:5.

ბულგარული ფეხბურთი რომ მძიმე დღეშია, ეს ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ ასეთ პერიოდებს ყოველთვის ახლავს ინტრიგები, მაგრამ… არადა, ერთ-ერთ ფეხბურთელზე წერდნენ, მთელი შეხვედრის განმავლობაში ფეხს მხოლოდ ერთხელ აუჩქარა და ისიც 6 მეტრითო.

Pandev seals Euro 2020 spot for North Macedonia

ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ პირველმა ორმა მოგებამ არ  უნდა მოგვატყუოს. გასაგებია, ბულგარელები კვირას თბილისში უკეთეს შემადგენლობას ვერ ჩამოიყვანენ, — რაც არიან, ეს არიან — მაგრამ იმავე ფეხბურთელებს (სავარაუდოდ) ახალი მწვრთნელის ხელში ხომ შეუძლიათ, მეტი ირბინონ და არც ძვლების ჭახა-ჭუხს მოერიდონ? ეს ხომ მოტივაციის ამბავია. ჰოდა, ჩვენც ყურადღებით გვმართებს ყოფნა. ის 5:2 შემთხვევითი რომ არ იყო და „ფუნთუშები“ არ ვართ, ჯერ კიდევ დასამტკიცებელია. კარგად უნდა გავაგებინოთ.

ჩრდილოეთ მაკედონიასაც ჩვენი ვალი მართებს.

Image 46