ვლადიმირ ვაისის, ალექსანდრე იაშვილის ლევან კობიაშვილის და დავით მუჯირის პრესკონფერენცია დასრულებულია! 

დავით მუჯირი: ჩილესთან, 5 სექტემბერს, ამხანაგური მატჩის საშინაო კედლებში გამართვის შესახებ მზაობას გამოვხატავთ, თუმცა ჯერჯერობით კოლეგებისგან ეს დადასტურებული არაფერია.

ლევან კობიაშვილი: ჩვენი მიზანია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხშირად შედგეს. ვინაიდან, აქ ჟურნალისტებიც და მწვრთნელიც საკუთარ სათქმელს ამბობენ.

 

ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ ჯანსაღი კრიტიკა აუცილებლია და მას არ გავურბივართ. პირადად მე, ფეხბურთელობის პერიოდში კრიტიკას ძალიან სერიოზულად ვუდგებოდი, რაც წარმატებაში მეხმარებოდა. მიუხედავად ამისა, გული მწყდება იმაზე, რომ მედიის მხრიდან კრიტიკის ობიექტი არასწორად ისმება. ვლადიმირ ვაისს არასდროს გაუკრიტიკებია კონკრეტული ფეხბურთელები და მისი გამონათქვემების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. ირლანდიასთან მატჩი გიორგი ლორიას არ წაუგია. დიახ, ცოცხალი კედელი არასწორად იყო დაყენებული, თუმცა მატჩი ლორიამ კი არა, მთელმა გუნდმა წააგო. იგივე თქვა ვლადიმირ ვაისმა, თუმცა მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება მოხდა. 

 

ჩემი აზრით, წელს გვაკლდა ის, რაც ერთა ლიგაზე ძალიან კარგად გავაკეთეთ - სისწრაფე და ფლანგებზე აქტიური შეტევა. დღევანდელ ფეხბურთში ამის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია. 

 

პირადად ჩემთვის, არ აქვს მნიშვნელობა ანდორას ვეთამაშებით თუ შვეიცარიას. გუნდი არ არის ერთი ან ორი კონკრეტული ადამიანი. მთავარია, რო მთელი გუნდი ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ მოედანზე მოსაგებად გამოვიდეს. 

 

ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ვატო არველაძემ არაშესაბამის პოზიციაზე და ცუდად ითამაშა. ვთვლი, რომ ვატომ მისი ასაკის კვალობაზე ძალიან კარგად ითამაშა.

 

ბოლო ორ მატჩს ძალიან ცუდი მზადყოფნით შევხვდით. იმდენად, ცუდით, რომ თუ იგივე ერთა ლიგის ნახევარფინალში განმეორდება, აუცილებლად დავმარცხდებით. იმედი მაქვს, სიტუაცია დალაგდება და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან შეხვედრას მოვიგებთ. სწორი დამოკიდებულებით, დიდ გამარჯვებებს ვიზეიმებთ.

 

ჩემგან არასდროს მოგისმენიათ და ვერც მოისმენთ, რომ ღრუბლებში დავფრინავთ. გვაქვს კონკრეტული მიზანი,  ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით დასახულ მიზანს და ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მთავარ მწვრთნელს. 
ვიღებთ ჯანსაღ კრიტიკას, გვიხარია, რომ არსებობენ მედია-საშუალებები, რომლებიც გვაკრიტიკებენ და გაუმჯობესებისკენ გვიბიძგებენ. უბრალოდ გთხოვთ, ჩვენი სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციას ნუ მოახდენთ.

ვლადიმირ ვაისი: ჩემი მუშაობის პერიოდში, ჯიმი ტაბიძეს ძალიან კარგი პერიოდი აქვს. სწორედ ამიტომ, მას შანსი მიეცა, მაგრამ ტრავმის გამო ვეღარ დაგვეხმარა. იმ შემთხვევაში, თუ გიორგი ნავალოვსკი ფორმაში არ იქნება, ჩვენ ამ პოზიციაზე რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ. მათ შორის, ჯიმი ტაბიძეს, ლევან ხარაბაძეს და მაშა დვალს, ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს კარგი პერიოდი აქვთ. 

 

რაც შეეხება შეტევის ხაზს, მინდა გამოვყო გიორგი ქვილითაია, რომელიც ძალიან მძიმე ტრავმის შემდეგ შემართებით დაბრუნდა. მას ძალიან უყვარს ფეხბური და სურს ეროვნულ გუნდში ითამაშოს. ამ მომენტში, ის ნაკრების მთავარი თავდამსხმელია. შანსი მიიღო ვატო არველაძემ. ვაკვირდებით ბექა მიქელთაძესაც, რომელიც კვიპროსის ჩემპიონატში კარგად გამოიყურება.  

ვლადიმირ ვაისი: ჩვენი ფეხბურთელები გაცილებით მაღალი დონის კლუბებში თამაშს იმსახურებენ, მაგალითად ჯაბა კანკავა, რომელიც 33 წლის არის, თუმცა ძალიან ძლიერი სათამაშო მონაცემებით გამოირჩევა. ჯაბა ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.