ვლადიმირ ვაისი: ვაკო ყაზაიშვილის არ ყოფნის მიზეზი არის ის, რომ სხვა ფეხბურთელებს მიეცეთ შანსი. საჭიროა მეტი დისციპლინა. ნაკრების კარი არავისთვის იხურება. 

ვლადიმირ ვაისი: რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს, ამიტომ უახლოეს მატჩებში ის ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებიც ჯანმრთელობის მხრივ ოპტიმალურ ფორმაში არიან. ლევან მჭედლიძემ ამ შეკრებაზე მხოლოდ ერთი ვარჯიში გამოტოვა, არსებობს შანსი, რომ ხვალ ის მოედანს დაუბრუნდეს. 

ნიკა კვეკვესკირი: ერთა ლიგა ყველა ჩვენგანისთვის ძალიან სასიამოვნო იყო. ეროვნული ნაკრები არ არის მხოლოდ მწვრთნელის და ფეხბურთელის, ის მთლიანად ქვეყნისაა და ამ წარმატებამ ყველა ძალიან გაგვახარა. მართალია, რომ ერთა ლიგის შემდეგ, შესარჩევი ეტაპი კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის, რომლებსაც დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ამბობენ, რომ ერთა ლიგაზე უფრო მეტი შანსი გვაქვს, ვიდრე მიმდინარე შესარჩევში, თუმცა როგორც ჩვენთვის, ისე დარჩენილი 3 ნაკრებისთვის ერთა ლიგა  უნიკალური შესაძლებლობაა და არცერთი შეხვედრა იოლი არ იქნება. 

ვლადიმირ ვაისი: გრიგალავას კარგი სეზონი ჰქონდა. მისი გამოძახების მიზეზი სანაკრებო გამოცდილებასთან ერთად სტაბილური სათამაშო ფორმაა. მან რუსეთის ჩემპიონატში, ტულას არსენალის რიგებში თითქმის ყველა შეხვედრაში სრულად ითამაშა. დიდია ალბათობა იმისა, რომ მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს.