ჩვენებურების ბორდო ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩება
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მე-10 ტურში ლექსო ყაულაშვილის, ბექა გორგაძისა და ლაშა ტაბიძის ბორდომ სტუმრად ითამაშა გურამ გოგიჩაშვილისა და ვასილ კაკოვინის რასინგთან და 34:30 დაამარცხა.
ბორდო მატჩის მსვლელობისას მეტოქეს ანგარიშში ჩამორჩებოდა. ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც 51-ე წუთიდან მოედანზე ლექსო ყაულაშვილი, ხოლო 64-ე წუთიდან ბექა გორგაძე გამოჩნდა. ყაულაშვილმა თამაშში ჩართვიდან ექვს წუთში ლელო გაიტანა. ეს მისი მეორე ლელოა მიმდინარე სეზონში. ლექსომ პირველი სექტემბრის მიწურულს სტად ფრანსეს გაუტანა.
გოგიჩაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე კაკოვინმა შეცვალა. ტაბიძე განაცხადში არ იყო.
ბორდოს ახლა 34 ქულა აქვს და პირველადგილოსან ლიონს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.