გაბრაზებული ბარსელონა ტენერიფემ ვერ შეაჩერა

გიო შერმადინს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

ესპანეთის საკალათბურთო ლიგის მე-11 ტურში ერთმანეთს ბარსელონა და ტენერიფე დაუპირისპირდნენ. 30 ნოემბერს, ევროლიგაში, მოულოდნელად, კატალონიური გუნდი საკუთარ კედლებში ცეესკასთან განადგურდა (67:96) და ამ შეხვედრაში გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია სჭირდებოდა.

 

ტენერიფე, ჩემპიონთა ლიგისგან განსხვავებით, სადაც ექვსიდან ექვსი მატჩი მოიგო, ესპანეთში შედარებით არასტაბილურად თამაშობს. გიორგი შერმადინის გუნდის ბალანსი ამ ტურამდე 6 გამარჯვება და ოთხი მარცხი იყო.

 

ბარსელონა ტენერიფეს წინააღმდეგ პარკეტზე ძალიან მოტივირებული გამოვიდა და მთელი შეხვედრის განმავლობაში ისეთ უპირატესობას ფლობდა, რომ მეტოქეს ქულებში მიახლოების საშუალებას არ აძლევდა.

 

 

გიორგი შერმადინმა, თავის მხრივ, საკმაოდ ნორმალური შეხვედრა ჩაატარა და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. ქართველმა კალათბურთელმა 8 ქულას 9 მოხსნა დაუმატა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 12 იყო (მეორე მის გუნდში).

 

საბოლოოდ, ბარსელონას სასარგებლოდ - 103:71

 

7 დეკემბერს, შემდეგ ტურში, ტენერიფე მურსიას მიიღებს.