სამურაიმ ცხოველი აიყვანა

მაქსი კეის გუნდში მაიკლ ჩანგთან ერთად იმუშავებს.

კეი ნიშიკორი კარგი ჩოგბურთელია. იაპონელი ერთხელ დიდი სლემის ტურნირის ფინალშიც გავიდა. იქ მშვიდად წააგო მარინ ჩილიჩთან და ინერციით, ითვლება ყველა ტურნირის ფავორიტად. ან, ერთ-ერთ ფავორიტად. და, რეალურად, კეი ვერ იგებს.

ნიშიკორი მოსაგებს ვერ იგებს და წასაგებს თითქმის არ აგებს. კარგი, სტაბილური სვლა ახალგაზრდებისთვის, მაგრამ ნიშიკორის ასაკში (29) შედეგი უფრო მთქმელია.

შემდეგ სეზონში სამურაის მწვრთნელი იქნება მაქს მირნი.

წყვილების პროფი, წყვილების ექს-N 1, რომელიც კორტზე ზედმეტი ენთუზიაზმის გამო ცნობილია, როგორც - The Beast. ცხოველი. ან - მხეცი. ან - შეშლილი მაქსი. აირჩიეთ. სამივე ასწორებს.

მაქსი კეის გუნდში მაიკლ ჩანგთან ერთად იმუშავებს.

მაქსმა შარშან 22-წლიანი კარიერა დაასრულა. 57 კვირა წყვილების რეიტინგის პირველ ადგილზე. 52 მოგებული ფინალი წყვილებში. 6 - დიდი სლემის ტურნირი. 2012 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი მიქსტში ვიკა აზარენკასთან ერთად.

ერთეულებში მაქსის საუკეთესო პოზიცია იყო 18. 2003-ში. მაქსმა მოიგო როტერდამის ტურნირი და იმ სეზონშივე შევიდა ამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალში.

კეიმ საინტერესო არჩევანი გააკეთა.

გაქაჩავს? ალბათ, კი.