სუპერლიგა. VIII ტური. საუკეთესოები

ჟაკობოვმა წააგო პირველი ორი თამაში, გუნდი დალაგდა და ზედიზედ ყველაფერს იგებს.

მაგარი ტური იყო. კიდევ ერთხელ წააგო ფავორიტმა რუსთავმა და დინამო - ქუთაისში ამ სეზონის ყველაზე მკვლელი თამაში წავიდა. ვასახელებთ საუკეთესოებს.

 

კოლინ მალკოლმი (ბათუმი) – 37 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება. ამ სეზონის ყველაზე დომინანტური ინდივიდუალური გამოსვლა. 20 ქულაზე მეტი ერთ მეოთხედში. ამ შედეგს წელს ვინმე გააუმჯობესებს? მაგარი რთული იქნება.

კრისტოფერ ანდერსონი (თსუ) – 12 ქულა, 9 პასი, 7 მოხსნა რუსთავთან მოგებულ ჩეხვაში.  სტატისტიკა არ გვაძლევს ამ ბიჭის რეალურ ძალას, მნიშვნელობას საკუთარი გუნდისთვის. ანდერსონმა დაგლიჯა ძალიან ძლიერ უკანა ხაზთან.

ვახტანგ ქადარია (ვერა) – 27 ქულა, 10 მოხსნა, 2 დაფარება. ვერამ მარტივად მოიგო კაქტუსთან და ვეტერანი ცენტრი საუკეთესო იყო. ქადარიას ბოლო წლებში ყველაზე ეფექტური სტარტი აქვს. ბრავო, მართლა ბრავო!

კევინ ო’ბრაიენი (დინამო) - 20 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, აკურატული დაცვა და 4 ზუსტი სამიანი ქუთაისთან თრილერში. დინამოს ფორვარდმა სეზონის ყველაზე გამორჩეული თამაში ჩაატარა.

ნიკოლა ვუიოვიჩი (ბათუმი) – 23 ქულა, 14 მოხსნა, 9 პასი, 1 ჩაჭრა. ბათუმი ძირითადად, სიღრმით იგებს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ცხუმ-აფხაზეთთან ორი ძლიერი ინდივიდუალისტით გაქაჩა. ცენტრმა 14 სროლიდან 12 გამოიყენა. დაგლიჯა.

საუკეთესო მოთამაშე - კოლინ მალკოლმი. ბათუმში ვუიოვიჩს აუხსნიან, რომ ერთ მეოთხედში 20 ქულაზე მეტის აღება ხანდახან, უნდა გამოარჩიო. თანაგუნდელები არიან, გაუგებენ ერთმანეთს.

საუკეთესო მწვრთნელი - ლექსო ლაფანაშვილი (თსუ) და დმიტრი ჟაკობოვი (ოლიმპი). ლაფანაშვილის გუნდი სუპერლიგაში ფიზიკურად ყველაზე მაგრად არის მომზადებული. მწვრთნელის მუშაობა ჩანს. ჟაკობოვმა წააგო პირველი ორი თამაში, გუნდი დალაგდა და ზედიზედ ყველაფერს იგებს.

 

ფოტო: www.gbf.ge