ლუკა ლებრონი იყო

ლუკა ახალ მოდას ქმნის. 

ლებრონ ჯეიმსმა ელ ეიში  ცელქი ბავშვი დაპატიჟა. ჰოლივუდის დათვალიერების შემდეგ, ლუკა დონჩიჩმა მოუგო ლეიკერსს და კალიფორნიული გიგანტის 10-მატჩიანი წაუგებელი სერია გატეხა, დალეწა. ლუკა ლებრონი იყო.

ორიგინალმა ჯეიმსმა წააგო.

დონჩიჩმა მძიმედ დაიწყო და პირველი 9 სროლიდან 2 გამოიყენა, ვერ გაქაჩა სტარტზე.

ლეიკერსმა 10 ქულა წაიყვანა და მაგრად აკრიფა.

და, მესამე მეოთხედიდან დალასი აზრზე მოვიდა. 28:5 გაქცევა. და, ლეიკერსი მკვდარი იყო.

ლუკამ ამ მეოთხედში 16 ქულა აკრიფა. ლეიკერსმა - 17. ეს იყო ლებრონის ბანდის ყველაზე ცუდი 12 წუთი ამ რეგულარულში. ხდება ხოლმე.

დონჩიჩთან ერთად მოუმატეს სხვებმაც. ალბათ, კრისტაფს პორჟინგისი ვერ ივარსკვლავებს. აქ, დალასში, ლუკასთან ვერ ივარსკვლავებს. და, ლატვიელი არ არის წინააღმდეგი. 15 ქულა, მისაღები დაცვა და კომპლიმენტები მთავარი მწვრთნელისგან (რიკ კარლაილი). ლატვიელისთვის ეს საკმარისია.

დონჩიჩმა კინაღამ სამმაგი დუბლი დასვა და ლუკა ახალ მოდას ქმნის. ლუკამ საკუთარი პოდიუმი ააგო და იქ თანამედროვე მოდელების ჩვენება მიდის.

დააკვირდით, უნდა მოგწონოთ.

 

დღის მატჩი

ლეიკერსი - დალასი 100:114 (30:25, 32:34, 17:35, 21:20)

ლეიკერსი: დევისი (27, 10 მოხსნა, 2 დაფარება), ჯეიმსი (25, 9 მოხსნა, 8 პასი, 4 ჩაჭრა), კარუზო (10), მაკგი (4, 10 მოხსნა).

დალასი: დონჩიჩი (27, 10 მოხსნა, 9 პასი, 3 ჩაჭრა), რაითი (17, 9 პასი, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა), პაუელი (15, 9 მოხსნა), პორჟინგისი (15), ჯექსონი (15).