ოთხი ქართული გუნდი საპლეიოფო ზონაშია

წლეულს ვასილ ლობჟანიძეს მეტი სათამაშო დრო ეძლევა

 

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში გამართული ათი ტურის შემდეგ საპლეიოფო ექვსულში ქართველ მორაგბეთა ოთხი გუნდია. ესენია: ბორდო, მონპელიე, კლერმონი და ტულონი.

 

ამათგან წლეულს ყველაზე დიდ მოულოდნელობად ბექა გორგაძის, ლექსო ყაულაშვილისა და ლაშა ტაბიძის "ბორდოს" შესანიშნავი თამაში შეიძლება მივიჩნიოთ, რაშიც, ცხადია, წვლილი ქართველ მორაგბეებსაც მიუძღვით. "ბორდო", ახლა მეორე ადგილზეა და ლიდერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

 

წლეულს შარშანდელთან შედარებით ბევრად უკეთესად ირჯება მამუკა გორგოძისა და ბექა გიგაშვილის ტულონი.  ქართველი შერკინების ბურჯი გუნდს სეზონის დაწყების წინ შეუერთდა. ტულონელებმა ლეგენდარული იტალიელი სერჯო პარისეც დაიმატეს. ახლახან კი, კლუბთან კონტრაქტი გააფორმა მსოფლიოს თასის გამარჯვებული სამხრეთ აფრიკის ნაკრების მეორეხზელმა ებენ ეცებესმა.

 

ცხადია, სასიხარულოა მონპელიეს წისვლაც, სადაც ელიტურ დივიზიონში ყველაზე მეტი ქართველი ირიცხება. ესენია: მიხეილ ნარიაშვილი, ლევან ჩილაჩავა, კონსტანტინე მიქაუტაძე, გელა აფრასიძე და ლუკა გოგონავა.

 

ლიდერთა შორისაა, როგორც უკვე ვთქვით დავით ზირაქაშვილისა და ბექა კაკაბაძის კლერმონიც. ჩვენებურთა ამ გუნდებმა თანაბარი, 24-24 ქულა დააგროვეს და მესამე-მეექვსე ადგილებს იყოფენ.

 

საპლეიოფო ექვსეულთან ახლოსაა ქართველების კიდევ ერთი კლუბი ბრივი. კარლენ ასიეშვილის, ვასილ ლობჟანიძის, სოსო ბეკოშვილისა და ოთარ გიორგაძის გუნდს 22 ქულა აქვს და შანსი მიეცა პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძოლოს. აღსანიშნავია და ძალზედ პოზიტიურია, რომ შარშანდელთან შედარებით მეტი სათამაშო დრო ეძლევა საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერს ვასილ ლობჟანიძეს, რაც მისი შემდგომი დაოსტატებისთვის საშური საქმეა.