სტივ ჰანსენი იაპონიაში დასაქმდა

ცნობილი სპეციალისტი სამწვრთნელო შტაბს კონსულტაციებს გაუწევს

ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი სტივ ჰანსენი იაპონიის უმაღლესი ლიგის გუნდმა ტოიოტა ვერბლიცმა მიიწვია. ჰანსენის საქმე მოედნის მიღმა იქნება. ის სამწვრთნელო შტაბს კონსულტაციებს გაუწევს.

 

"საინტერესო როლია. მთავარი მწვრთნელი არ ვიქნები. იაპონიაში ყოფნა დაახლოებით 17 კვირა მომიწევს და პასუხისმგებლობაც დიდი არ მექნება. მთავარია, ახლა ახალ გარემოში, ახალ ადამიანებთან ურთიერთობა ავაწყო და საქმე დავალაგო" - თქვა სტივ ჰანსენმა.

 

შეგახსენებთ, რომ სტივ ჰანსენის ხელმძღვანელობით ოლ ბლექსმა 2015 წლის მსოფლიოს თასი მოიგო, 2019 წელს კი, მესამე ადგილზე გავიდა. ამასთან ერთად, 2011 წლის მსოფლიოს თასზე, რომელიც ახალი ზელანდიის გამარჯვებით დასრულდა, ის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ.