რიგი

პოჩეტინო არგენტინაში ჩავიდა

ტოტენჰემიდან ახლახან გათავისუფლებული მაურიციო პოჩეტინო, ჩანს, დიდხანს უმუშევარი არ დარჩება. ამ თვის ბოლოს ზამთრის შესვენება გამოცხადდება და არგენტინელიც სამწვრთნელო კარიერას განაახლებს - საკითხავი მხოლოდ ისაა, სად?

მსურველები  არ აკლია. ჯერ ბაიერნზე ითქვა, რომელმაც ნიკო კოვაჩი თვენახევრის წინ დაითხოვა და როგორც კი პოჩეტინო დარჩა უმუშევარი, მაშინვე წამოვიდა ხმა, მიუნხენელები არგენტინელს უკვე შეუთანხმდნენო...

მერე არსენალი ჩადგა რიგში, ახლა კი აგერ, მანჩესტერზე ჩამოვარდა სიტყვა. დიდი ზარ-ზეიმით დანიშნული ოლე გუნარ სულშერი თავის საქმეს მთლად ისე ვერ აკეთებს, როგორც მანჩესტერი იმსახურებს და პოჩეტინო თუ დაგვეხმარებაო... 

მოკლედ, ბაიერნი, არსენალი და მანჩესტერი, ცხადია, მაურიციო პოჩეტინოსთან ცალ-ცალკე ცდილობენ საქმის გაჩარხვას და რა გამოუვათ, წესით და რიგით, მალე ვნახავთ. იქამდე, როგორც ბრიტანულ პრესაში იწერება, შესაძლოა, რეალის და იუვენტუსის მწვრთნელის სკამებიც გამოთავისუფლდეს. ზინედინ ზიდანსა და პოჩეტინოს იტალიელ სეხნია სარის წყალი ჰქონიათ შემდგარი, მათ მემკვიდრედ კი არგენტინელი ითვლება. 

ამასაობაში კი პოჩეტინო როსარიოს ესტუმრა, ქალაქს სადაც მისი საფეხბურთო ნათლობა შედგა - მისი პირველი კლუბი ხომ ნიუელს ოლდ ბოისი გახლდათ. 1989-1994 წლებში სწორედ იქ თამაშობდა. 

როსარიოში მას კლუბის წევრები დახვდნენ და საპატიო მაისურა გადასცეს. სავარაუდო ახალ სამსახურზე არავის არაფერი უთქვამს და ისიც ძნელი წარმოსადგენია, არგენტინაში დარჩეს. 

მაურისიო პოჩეტინო 47 წლისაა. მან მწვრთნელობას 10 წლის წინ ესპანიოლში მოჰკიდა ხელი, 2013 წელს კი ინგლისში კი საუთჰემპტონში გადაბარგდა, სადაც ერთი წელიწადი დაჰყო და ლონდონიდან, კერძოდ ტოტენჰემი დაუკავშირდა. სახელიც იქ გაითქვა, ხუთი წლის თავზე გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიიყვანა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი პრემიერლიგის ტოპ ოთხეულს არ გასცილებია.