გერმანელი კაცის ქართული გაგება

ლიდერსპორტის ექსკუზიური ინტერვიუ კლაუს ტომპიოლერთან

„რა? ტოპმიოლერი საქართველოს ნაკრებში???“ - საეჭვოდ მოჩანდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამყვანი მწვრთნელი საქართველოში არ ჩამოვაო. მაგის ლევერკუზენმა გრანდებს დღე აწყევლინა. ფინალსაც მოიგებდა, ზიდანის სასწაული გოლი და კასილიასის ვეფხვივით ნახტომები რომ არა, ჰოდა, აბა, ჩვენ რას გვიკადრებსო.

აწ გარდაცვლილი ჩვენი მეგობარი მენეჯერი აკა ტონია გვარწმუნებდა სარბიელში. კობა ინასარიძეს ეუბნებოდა, თითქმის გადაწყვეტილია, ტოპმიოლერი მოდისო. ტონია მუშაობდა ამ საქმეზე.

საქართველოს ნაკრებს მწვრთნელების მეტი რა გამოუცვლია, მაგრამ არცერთის დანიშვნას არ მოჰყოლია ამხელა აჟიოტაჟი. „ქართული ფეხბურთის სანტა კლაუსი“, „ტოპ ტოპმიოლერი“, “ხუჭუჭა გენიოსი“ - ნაირნაირი აღმატებული სათაურები გაზეთებში.

მოდიოდა კაიზერსლაუტერნის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი. მოდიოდა, როგორც მაგარი მწვრთნელი, რომელსაც უყვარს შეტევა, ბურთის გორება, ტიპიური ქართული ტექნიკა და აგრესია.

კაცი-რისკი, ზოგჯერ კაცი-ავანტიურა: ტოპმიოლერი არასოდეს ყოფილა სტანდარტული მწვრთნელი. შეეძლო, საფრანგეთთან სამი თავდამსხმელი დაეყენებინა, ან ჯგუფის ლიდერ შოტლანდიასთან სკოლის მოწაფეები ჰყოლოდა ძირითადში.

როგორიც თავად იყო, ისეთი იყო მის მიმართ დამოკიდებულებაც: გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების ერთ ნაწილს უყვარდა, მეორე ვერ იტანდა. საშუალო არ არსებობდა.

ვისაც ახსოვს ის პერიოდი, დაგვეთანხმება: ტოპის ნაკრები ლამაზად თამაშობდა, ხშირად აგებდა არწასაგებს - გავიხსენოთ კიევში უკრაინა, აქ ლიტვა. რატომღაც, პირიქით არ გვახსენდება. კიდევ, ტრავმები, წამყვანი ფეხბურთელების გამოკლებები.

„საქართველოდან? მოხარული ვარ. მე გავუგე თქვენს ხალხს, მეც ქართველივით მხიარული, იუმორის მოყვარული ვარ“ - როცა დავუკავშირდით, ეს გვითხრა. სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე, რომელიც ჩვენი თანამშრომლის, მარიამ ქართლელიშვილის დახმარებით მოხერხდა.     

-ამჟამად რას საქმიანობთ?

-ისევ ფეხბურთში ვარ. დამკვირვებლად ვმუშაობ, ჩემს რჩევებს ითვალისწინებენ, ასე რომ...

-საქართველოდან წასვლის შემდეგ მწვრთნელობას რატომ შეეშვით?

-სიმართლე გითხრათ, ახლა რასაც ვაკეთებ, ეს უფრო მსიამოვნებს. თანაც, ვმოგზაურობ მსოფლიოს გარშემო. დრო საკმარისად მაქვს.

-ალბათ, შემოთავაზებები ბოლო წლებშიც გექნებოდათ.

-დიახ, საკმაოდ. თუმცა უარი ვთქვი.

-როგორც ვიცით, ვენახში დიდ დროს ატარებთ.

-ასეა. მიყვარს სიმწვანე, სიმშვიდე და მუშაობა.

-ახლა წარსულზე. თქვენი გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ შესაბამისი შედეგი არ ჩანდა. რატომ?

-საქართველო არაა თურქეთივით დიდი. იცით, საქართველო მდიდარია ტალანტებით. საკმაოდ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ეს არ კმარა. საქართველო მაინც პატარა ქვეყანაა, საფეხბურთოს გარდა, სხვა რესურსი აკლია.

-2007 წელს შესარჩევ ციკლში შოტლანდია იტალიასა და საფრანგეთს უსწრებდა, მაგარი ნაკრები ჰყავდათ, თქვენ კი მათ წინააღმდეგ, სასტარტოში 17 წლის ფეხბურთელები დააყენეთ: გიორგი მაკარიძე, ლევან ყენია, ლევან მჭედლიძე. როგორ გარისკეთ? 2:0  მოვიგეთ. სამივე მათგანმა მაგრად ითამაშა.

-მაშინაც ბევრმა მკითხა, სულ ეს თემა ტრიალებდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ბევრი არ მიფიქრია - ვენდე და მორჩა. ძალიან მაგარი ტალანტები იყვნენ. ვატყობდი, რომ დრო იყო, ტალანტობიდან ნამდვილ საქმეზე გადასულიყვნენ და მაგარი ფეხბურთი ეთამაშათ.

-ქართველ ფეხბურთელებთან კონტაქტი გაქვთ?

-რა თქმა უნდა. მაგალითად, ამასწინათ ლუქსემბურგში ვნახე ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი.

-თქვენი გადმოსახედიდან რა შთაბეჭდილება დაგრჩათ: რა უნდა მოხდეს საიმისოდ, რათა ქართული ფეხბურთი უფრო განვითარდეს და ნაკრებებსაც უკეთესი შედეგი ჰქონდეთ?

-ერთის მხრივ, დისციპლინა ფეხბურთელებში და მეორე, რაც მთავარია,  ბავშვთა აკადემიებია საჭირო. რაც შეიძლება მეტი.

-თქვენი შვილი წარმატებით მუშაობს ლუქსემბურგის დუდელანჟში, რომელიც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. შეუძლია დინო ტოპმიოლერს, რომ კლაუს ტოპმიოლერივით მიღწევები ჰქონდეს?

-რატომაც არა. ახალგაზრდაა, უკვე საკმაოდ კარგი შედეგი აქვს. ევროპაში დუდელანჟი უკვე იციან. ანგარიშგასაწევი გუნდია.

-მიუნხენის ბაიერნი ცუდ ფორმაშია. როგორ ფიქრობთ, არის შანსი, რომ გერმანიაში სხვა გუნდი გახდეს ჩემპიონი? მაგალითად, დორტმუნდი.

-დორტმუნდი მშვენიერი გუნდია, შეტევაზე ორიენტირებულ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. თუმცა ჩემპიონი არ შეიცვლება. ჩემი აზრით, ბაიერნი ისევ პირველი იქნება.

-რატომ ჩავარდა გერმანიის ნაკრები წლევანდელ მუნდიალზე? უმთავრესი მიზეზი რა იყო?

-ყველანი გაოცებულები დავრჩით. ასე არ უნდა მომხდარიყო. ვფიქრობ, უმთავრესი პრობლემა ცენტრი იყო. ნახევარდაცვაში ვერა და ვერ აეწყო თამაში ისე, როგორც წინა წლებში. და როცა შუაში ვერ არის სინქრონი, ძნელია.

-და ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად ვინ მიგაჩნიათ?

-მანჩესტერ სიტი.

-და ბოლოს, ისევ საქართველოზე. აქ ყველაზე მეტად რა მოგწონდათ და რა გენატრებათ?

-უპირველესად, ქართველი ადამიანები. იუმორი და კეთილგანწყობა, რაც ჩემს ხასიათში ზის. მენატრება ღვინო. საღამოობით დიდი სიამოვნებით დავლევდი ქართულ თეთრ ღვინოს. საერთოდაც, საქართველო ლამაზი ქვეყანაა თავისი მთებით.