დაანებეთ მამლებს თავი

ჯობს მჩატე ფიქრები ახლავე დანაშაულად გამოვაცხადოთ

ეს მამალი უნდა შევწვათო… კარიკატურაზე, უფრო სწორად, როგორც მაშინ ამბობდნენ მეგობრულ შარჟზე თბილისის დინამოს ფეხბურთელები ისხდნენ და მამალს ანუ ტოტენჰემ ჰოთსპურს შეწვას უპირებდნენ. 1973 წელი იყო. ნოემბრის ბოლო. უეფას თასის მერვედფინალი. 

მაშინ, მრისხანე სიტყვა ტოტენჰემი ყურს გვჭრიდა. ახლა ყურს გვჭრის კი არა, ღმერთმა დაგვიფაროს; სადღაც სამოცდაათიანების ბოლოს და ოთხმოციანების დასაწყისში კი ასე არ იყო.

თუმცა დავუბრუნდეთ 1973-ს, როდესაც ტოტენჰემის ხსენება ყურს კი გვჭრიდა, მაგრამ მაინც თავდაჯერებულები ვიყავით. მამალიაო და შეწვას ვუპირებდით. ეტყობა, ინგლისური კლუბის ლოგოზე გამოსახულმა შინაურმა ფრინველმა გაგვახალისა. 

თავისთავად კარიკატურას არაფერი დაეწუნებოდა, პირიქით, მოსაწონი ნახატი იყო, მაგრამ… ახლანდელ პოლიტიკოსთა ტერმინი რომ მოვიხმოთ, პათოსი გვქონდა არაპროპორციული. 
მოკლედ, გამოვიდა ის მამალი და ვინ დარჩა შემწვარი აქამდე მწარედ მახსოვს. ბავშვი ვიყავი და ვტიროდი. თბილისში 1:1 ვითამაშეთ, იქ კი 5:1 გადაგვიარეს. დღევანდელი გადასახედიდან ამაში გასაკვირი არაფერია. დინამო ევროთასებზე გამოუცდელი იყო, ტოტენჰემი კი ტოტენჰემობდა. ჯერ მარტო იმით გვჯობდა, რომ ინგლისის გუნდი  იყო და მსოფლიო ფეხბურთის ავანგარდში იდგა. ჰოდა, სწორედ ამიტომ ალბათ ცოტა სხვანაირი მედიტაცია გვჭირდებოდა. მამალზე ხალისი და შეწვა-მოხარშვა ცოტა ზედმეტი მოგვივიდა.

 

შეიძლება ვცდები, მაგრამ 1976 წელსაც იგივე მოხდა, როდესაც თასების თასის მერვედფინალში ბუდაპეშტის MTK შეგვხვდა. პირველი თამაში თბილისში იყო. მანამდე, მეთექვსმეტედფინალში კარდიფ სიტის ვაჯობეთ (0:1; 3:0) და აშკარად დიდ გულზე ვიყავით. კარდიფი ხომ უელსია ანუ ბრიტანეთი. ბრიტანეთი კი თავის მხრივ ინგლისია ანუ ლივერპული, არსენალი, ტოტენჰემი… ჰოდა, მის ფონზე უნგრეთი თვალში გვეპატარავა. ხალხიც გამარჯვებას ელოდა და ტელევიზიაშიც წინასწარ ზეიმობდნენ. ყოველ შემთხვევაში, რაც ჩვენს მაშინდელ, ძირითადად შავ-თეთრ ტელევიზორებში ხდებოდა, ნაადრევ ზეიმს უფრო ჰგავდა. ჰოდა, გამოვიდა ის თვალში პატარად მოხვედრილი MTK და სწორედ იმ ახალგახსნილ, თავიდანაშენებულ სტადიონზე სადაც ცოტა ხნის წინ, არც მეტი არც ნაკლები, ბრიტანეთის გუნდს 3:0 გადავუარეთ, 4:1 გადაგვიარა. და მერე იქაც მოგვიგო 1:0.

ეს ყველაფერი კი რატომ გამახსენდა  იცით? იმიტომ, რომ ერთა ლიგის D დონის ნახევარფინალში ბელარუსს შინ ვხვდებით და თუ მოვიგებთ ფინალიც შინ გვაქვს. კიდევ იმიტომ, რომ თუ ფინალშიც მოვიგებთ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში დიდი ალბათობით ჰოლანდიასთან, უკრაინასთან და ავსტრიასთან ჩავჯდებით და არ არის გამორიცხული, რომ ბევრ ჩვენგანს უკრაინა და ავსტრია სხვა პოპულარულ ნაკრებებთან შედარებით სუსტები ჰგონია. ჩვენთვისაც კი… ვიღაცამ შეიძლება თვალებიც კი დახუჭა და უკვე ფლეი ოფში გავიდა. მოკლედ, ამ ყველაფერში რაღაც არ მომწონს; თან, ძალიან. მეჩვენება, რომ სატყუარები და ხაფანგებია დაგებული და არ მინდა, რომ წამოვეგოთ.

რა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფი, რის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფი. ჯერ მოდი ბელარუსზე ვიზრუნოთ და თან არაპროპორციული ყიჟინის გარეშე. ემანდ მერე სასაცილოები არ გამოვჩნდეთ. დამიჯერეთ, არ იქნება ეგ ბელარუსი ხელწამოსაკრავი გუნდი. და საერთოდ, ჯობს მჩატე ფიქრები ახლავე დანაშაულად გამოვაცხადოთ.


იცით, საქმეში ჩემზე მეტად ჩახედულებისგან რა გავიგე? ალექსანდრ ლუკაშენკოს თავისი ფედერაციის შეფებისთვის უთქვამს, საქართველოსაც თუ ვერ მოუგეთ და აქ დაბრუნებული არ დაგინახოთო.

ასე რომ, მგონი ცოტა სხვანაირი მედიტაცია დაგვჭირდება. ცმუკვას აყოლილი კი არა, სწორი.