2019: ხუთი საუკეთესო, პროგრესი, სამი გოლი

20 გოლი და აქედან რამდენიმე გადამწყვეტი; კარგი პასი; დრიბლინგი – ლევან კუტალია ბოლო წლებში სისტემატურად პროგრესირებს და  ალალია, რომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დავასახელოთ. ჩემპიონიც გახდა და ბომბარდირიც.

არჩევანი გაგვიჭირდა, რადგან ვფიქრობდით ჯოვინო ფლამარიონზე, ნიკა ნინუაზე... თუმცა რამდენიმე ფაქტორი გავითვალისწინეთ: ფლამარიონი ვერც ჩემპიონი გახდა, ვერც ბომბარდირი და პლუს, ძლიერი გუნდების ურთიერთშეხვედრებში კუტალია უფრო კარგი იყო. თუმცა ბრაზილიელს სხვა მხრივ გამოვარჩევთ: სეზონის საუკეთესო გოლის ავტორად...  ნინუაზეც: მისმა საჯარიმოებმა და ზუსტმა პასებმა დინამოს ბევრი შესძინა, მაგრამ მეოთხე წრეში ნიკამ მოუკლო.   

 

სწორედ კუტალია იყო, საბურთალოსთან სამი გოლით რომ შემოატრიალა თამაში. ასევე, გადამწყვეტი გოლი ბათუმის დინამოსთან (2:1); ივანწმინდაში 0:0–ზე გატანილი ორი გოლი საშინელ მინდორზე; ბოლო ტურში ვიტ ჯორჯიასთან დროული გოლი ბოლო ტურში...

 

20 წლისაც არ იყო, როცა ბოსნიური სარაევოს სლავიაში თამაშობდა და დიდ იმედებსაც იძლეოდა. მერე ჰქონდა ჩავარდნები და ერთი პერიოდი მეორელიგელ ზუგდიდის ოდიშშიც აღმოჩნდა.

 

ხელახლა პროგრესი დაახლოებით სამი წლის წინ დაიწყო ქობულეთის შუქურაში, მერე კი ქუთაისის ტორპედოშიც საუკეთესოთაგანი გახდა, ჩემპიონობა, თასი, ლამაზი გოლები... მოკლედ, დინამოს 19 ნომერი ტიპიური მაგალითია იმისა, რომ ფეხბურთელს ხაზი არ უნდა გადაუსვა.  

 

1.    ლევან კუტალია (დინამო თბილისი)

 

 2.    ჯოვინო ფლამარიონი (დინამო ბათუმი)


 

 3.    ნიკა ნინუა (დინამო თბ)

 4.    მამუკა კობახიძე (ტორპედო / დინამო ბათუმი)


 5.    სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო)

 

 

 

წლის პროგრესი – ნიკა მალი (საბურთალო)

 

ეს ფეხბურთელი შარშანწინ 19–წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდა, მერე ტრავმა ჰქონდა და კარგა ხანი გაუცდა. წარმოიდგინეთ, 2018 წელს ეროვნულ ლიგაში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა. აი, წლეულს კი მოუმატა და ჩემპიონატის საუკეთესო მარჯვენა მცველიცაა. მალი კარგი იყო ევროტურნირებზე, განსაკუთრებით კი არარატ–არმენიასთან გასვლაზე მოგებულ შეხვედრაში. შინ კი არ გაუმართლა – ბოლო წუთებზე ძელს მოარტყა ბურთი.  

 

 

წლის საუკეთესო სამ გოლზე უკვე დავწერეთ


 1.    ჯოვინო ფლამარიონი, 2. ნიკა ნინუა, 3. ზურაბ მუსელიანი


https://leadersport.ge/ge/news/details/10032

 

თბილისის დინამოს, ბათუმის დინამოსა და საბურთალოს პრესსამსახურის ფოტოები