მილუოკი ბოსია

მალე, ჯეიმსი იმ ბერძენს გაესაუბრება. ბრძოლა პატივისცემისთვის. 

NBA-ს რეგულარულის მეოთხედი დაიხურა. ალბათ, ბოლო წლებში ყველაზე საინტერესო, მთქმელი სეზონი. კარგი პირველწლიანებით, ლოს ანჯელესის ომით და მწვანე გუნდით, რომელიც ღირსებით და ტრადიციით ფარავს ტრავმებს. ლარის და მეჯიქის ჯადოსნური ისტორიის, კობს და პირსის ჩეხვის შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთ ლეიკერს-ბოსტონს ვუახლოვდებით.

თუ, სხვები არ იცელქებენ.

ამ კვირის ხუთი საუკეთესო გუნდი ჩამოვყაროთ.

 

5. დალასი (16:7).

ლუკა დონჩიჩი აგროვებს რეკორდებს და ბავშვი არარეალურად მოქნილად აზროვნებს. ლუკამ გააუმჯობესა მაიკლ ჯორდანის რეკორდი 20+5+5-ის თემაში და თუ ტემპს არ დააგდებს, ოსკარ რობერტსონის რეკორდს (29 თამაში) ფერფლად აქცევს. ლუკა კლასია და ლუკასთან ერთად ნორმალური დალასი (ბოლო პერიოდში) თითქმის არ აგებს.

4. კლიპერსი (18:7).

მილუოკიმ ორჯერ მოკლა კლიპერსი. მილუოკიმ კავაი ლეონარდს ერთი დღით ღიმილი წაართვა და მილუოკი კლიპერსს ფინალამდე მაქსიმუმ, ერთხელ დაელაპარაკება. დოკ რივერსი კავაის ასვენებს და ლეონარდისთვის სეზონი აპრილის მეორე ნახევრიდან დაიწყება. მანამდე, კავაი ფორმაში შევა, შეიხსნის ცივ იარაღს და აპრილიდან დაიწყება. ლეონარდის სისხლის წვიმა.

3. ბოსტონი (16:5).

კემბა უოკერი, ჯეილენ ბრაუნი და ჯეისონ ტეიტუმი ბოსტონის ახალ დიდ სამეულს ქმნიან. ეს სამეული იგებს, ეს სამეული შეიძლება, ჩიკაგოში გასამართ ოლ სთარზე მოხვდეს და ეს სამეული არ ჩერდება. ეს სამეული თავს არავის არ დაუხრის. განსაკუთრებით, მისტერ ბრაუნმა აკრიფა. და, ბოსტონი დიდი ძალაა.

2. ლეიკერსი (21:3).

გუნდმა გასვლაზე ზედიზედ 11 თამაში აიღო. გუნდი მთელი სიღრმით მოდის შენზე და გუნდი ლებრონის ნიჭით, გამოცდილებით არის დაცული. მილუოკისთან პრინციპულ ჩეხვამდე ლეიკერსი გასვლაზე ორლანდოს, მაიამის, ატლანტას და ინდიანას შეასკდება. შემდეგ, ჯეიმსი იმ ბერძენს გაესაუბრება. ბრძოლა პატივისცემისთვის.

1.    მილუოკი (21:3).

ზედიზედ 15 მოგება. მიმდინარე სეზონის ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია. მილუოკი საშუალოდ 13.6 ქულით იგებს, რაც ლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგია და ყველა დროის რეკორდს (12.3, ლეიკერსი, 1971/1972) უჯოკრავს. მილუოკი ყველაზე ღრმა და მექანიკური გუნდია. ნაკლები იმპროვიზაციით, მაგრამ - იანისით და სიღრმით. ყველაზე დაუნდობელი გუნდი.