იქნებ ამიტომაც...

66 წლის განვალობაში მეოთხედ... ქალი...

აშშ-ს ქალთა ნაკრების კაპიტანი მეგან რაპინო ერთობ პოპულარულმა Sports Illustrated-მა ის წლის ადამიანად დაასახელა, 66 წლის განვალობაში მეოთხედ... ქალი... ცხადია, ფეხბურთელის ცხოვრებაში ეს მოვლენაა, მით უმეტეს, რომ წლეულს მან ყველაფერი მოიგო - გახდა მსოფლიო ჩემპიონი... გახდა საუკეთესო ფეხბურთელი... და გახდა... აშშ-ს პრეზიდენტის პირველი კრიტიკოსი, ვინც თეთრ სახლში დაპატიჟებაზეც კი უარი თქვა... 

არადა, ამერიკელები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „პირველ სოკერულ პრეზიდენტს“ ეძახიან. ბატონ დონალდს ჰყვარებია ეს თამაში, რომელსაც იქაურები სოკერს უწოდებენ. 

ამერიკულ ფეხბურთთან შედარებით უფრო უსაფრთხოაო - ამბობს ტრამპი. 

ეს თამაში მის ვაჟს - ბარონსაც უყვარს. ვაშინგტონის DC იუნაიტედის აკადემიაში ჩაწერილა და ორ წელიწადს 12 წლამდელთა გუნდშიც უთამაშია. ამბობენ, რომ სწორედ ბარონი იყო უეინ რუნის თეთრ სახლში მიწვევის ინიციატორი. ეს შარშან დეკემბერში, საშობაოდ მოხდა, როცა რუნი მეუღლე კოლინთან და ოთხ ვაჟთან ერთად ეწვია პრეზიდენტის რეზიდენციას.

ინგლისში ვიზიტისას ტრამპს არსენალის მაისურა აჩუქეს და ეს შემთხვევით არ მომხდარა - ბარონი თურმე მეთოფეთა მხურვალე ქომაგი ყოფილა.

თუმცა, ფეხბურთთან დაკავშირებით ტრამპი ერთთავად უხერხულობებში ეხვევა. ჯერ იყო და, ფიფას კორუფციული სკანდალის დროს, კონკაკაფის წარმომადგენლები და ჩაკ ბლეიზერი, ამერიკული სოკერის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ამავდროულად ფიფას აღმაკომის წევრი, მოლაპარაკებებს ტრამპის სასახლის მესამე სართულზე აწარმოებდნენ.

ამან პრეზიდენტის იმიჯზე იმოქმედა, თუმცა რეალურად კორუფციასთან რაიმე სახით მისი შეხება, არ დადასტურდა. ბლეიზერმა გამოძიებასთან თანამშრომლობა დაიწყო. აღიარა, რომ მექრთამეობას ეწეოდა. ფინანსურ მაქინაციებსა და გამოძალვაში მონაწილეობდა. თუმცა განაჩენის გამოტანამდე გარდაიცვალა.

აშშ-ის ნაკრების კაპიტანი, მეგან რაპინო, ერთობ პოპულარულია სამშობლოში. ის აქტიურ სოციალურ ცხოვრებას ეწევა და ლგბტ თემის მხარდამჭერიცაა. თავის ორიენტაციის შესახებ ან 2012 წელს ღიად განაცხადა, შარშან კი თქვა, რომ მეგობარ გოგონაზე აპირებდა დაქორწინებას. ეს გოგონა კალათბურთელი სიუ ბერდია. მათ თამამი ფოტოსესიაც მოაწყვეს და  ერთ-ერთი ჟურნალის ყდაზეც მოხვდნენ.

2019 წლის ადამიანი (Sports Illustrated-ის მიხედვით) მეგან რაპინო დიდი ხანია მისი პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდის. 2016 წელს ნაკრების ერთ-ერთი მატის წინ, ეროვნული ჰიმნის შესრულების დროს, ის მუხლებზე დადგა. ეს პოლიტიკური აქცია გახლავთ და მთავრობის საწინააღმდეგო ჟესტს ნიშნავს. მოგეხსენებათ, აშშ-ში ეროვნულ ჰიმნს განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობიან და რეაქციაც ბუნებრივი იყო.

საფარნგეთში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატისას რაპინო ჰიმნის დროს ის მუხლებზე აღარ დამდგარა, მაგრამ ხელი მკერდზე მანც არ მიუდია და არც უმღერია, როგორც ყველამ. „ეს  დაუმორჩილებლობის გამოხატულებაა. საერთოდ, მოსიარულე პროტესტი ვარ და ვერავინ მიმითითებს, როგორ მოვიქცე, - თქვა მაშინ როპინომ, - მგონი, აღრასოდეს ვიმღერებ ჰიმნს.“

ამ განცხადებას ტრამპმა უპასუხა, რომ მიუღებელი და აღმაშფოთებელია, როცა ნაკრების ფეხბურთელი ეროვნულ ჰიმნს არ მღერის..“

ამ განცხადების შემდეგაც ძალიან დაცხა სოციალურ ქსელებში. ზოგი ტრამპს უჭერს მხარს, ზოგი მეგანს.

საფრანგეთში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ მეგან რაპინომ ჰიმნი მაინც იმღერა, აი, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით შინ დაბრუნებული მეგანი კი თეთრ სახლში პროტესტის ნიშნად აღარ მივიდა.  

იქნებ ამიტომაც... იქნებ მისი პროტესტისთვის... იქნებ მისი გამბედაობისთვის... ერთობ პოპულარულმა Sports Illustrated-მა ის წლის ადამიანად დაასახელა, 66 წლის განვალობაში მეოთხედ... ქალი...