მან შეუძლებელი შეძლო

ცოტა რთული დასაჯერებელიც კი არის, რომ ეს ფეხბურთელი ჯერ 20 წლისაა. უკვე იმდენი გამოიარა, იმდენს მიაღწია, იმდენი მაგარი გოლი გაიტანა, ზოგიერთ კარგ ფეხბურთელს კარიერად ეყოფა.

კილიან მბაპეს იუბილე აქვს – დღეს 20 წლისა გახდა.

 

მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და მუნდიალის ერთ–ერთი მთავარი მშვენება იყო. არაფერს ვამბობთ ლიგა1–ის ჩემპიონობაზე, 19–წლამდელთა ევროპის ოქროზე და ინდივიდუალურ ტიტულებზე.

 

„რა საჩუქარი მინდა იუბილეზე? ჩემპიონთა ლიგის მოგება პსჟ–სთან ერთად!“ – ამბობს იუბილარი, რომელიც ოთხი–ხუთი წლის წინ Monopoly-თ და სხვა სამაგიდო თამაშებით უფრო ერთობოდა.  

 

 

მბაპე 17 წლისა იყო, როცა საქართველოში გვესტუმრა. მაშინ 19–წლამდელთა ოთხთა ტურნირი იყო საქართველოს, საფრანგეთის, ესპანეთისა და ჰოლანდიის მონაწილეობით. იმ პერიოდში მონაკოს ამომავალი ვარსკვლავი იყო, ხოლო მალევე ბრწყინვალედ ათამაშდა ჩემპიონთა ლიგაში, ფლეი–ოფებში გრიგალი დაატეხა მანჩესტერ სიტისა და დორტმუნდს, ნახევარფინალში კი ჯანლუიჯი ბუფონსაც გაუტანა.

 

იუბილარს ჰკითხეს, სად ხედავს საკუთარ თავს 20 წლის შემდეგ, 2038 წლის 20 დეკემბერს.

 

„იმედია, მწვრთნელი ვიქნები. მამამ და ბიძამ მომცეს მაგალითი, სტიმული შემმატეს და მათი რჩევები მუდამ სასარგებლო იყო. მიყვარს საფეხბურთო მინდორი და არ მსურს, რომ როდესმე მივატოვო“.  

 

 

დიდიე დეშამმა თქვა, მბაპეს ჩემს წინააღმდეგ რომ ეთამაშა, ცალი ფეხით დარჩებოდაო. დეშამმა პატარა ფრანგის დამცინავ სათამაშო სტილზე მიანიშნა, მაგრამ აბა, თვითონ მბაპე რას ამბობს:

 

„რას ვაკეთებ? არასოდეს მიფიქრია, რომ რაიმე ორიგინალურს ვქმნი. უბრალოდ, მოედანზე გამოვდივარ და სიამოვნებას ვიღებ, განსაკუთრებული არაფერია...“

 

ჰო, თურმე განსაკუთრებული არაფერია...





ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.