ქართველი ჩინეთში: ხარჯავენ და ფიქრობენ

ქართველებს სად არა გვყავს წარმომადგენელი...

ამასწინათ ამ თემაზე სტატიაც შემოგთავაზეთ: გზა მონღოლეთიდან ფარერებამდე. აი, მწვრთნელი გიორგი მინაშვილი, წელიწადნახევარია, რაც ჩინეთის კლუბ დალიან სტარის აკადემიაში მუშაობს. 36 წლის მინაშვილი თბილისის დინამოსა და ლოკომოტივის აკადემიებში მუშაობდა მთავარ მწვრთნელად და დირექტორადაც.

 

როგორ მოხვდით ჩინეთში?

გამოცდილმა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ლუკ ნაიჰოლტმა მიმიწვია თავის თანაშემწედ. როდესაც ნაიჰოლტი დამიკავშირდა და პროექტის შინაარსი ამიხსნა, ძალიან მომეწონა და დავთანხმდი. უნდა შეგვექმნა აკადემია მისი ხელმძღვანელობით. ჩემი თანხმობა იმანაც განაპირობა, რომ აკადემიაში გამოცდილ და ცნობილ მწვრთნელებთან მომიწევდა მუშაობა. აკადემია ჰოლანდიაში მომუშავე სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული, მათ შორის კი არიან ჰარი სინკგრავენი (ამჟამად გუს ჰიდინკის ასისტენტია ჩინეთის 23-წლამდელთა ნაკრებში), ნებოიშა გუდელი (ბრედას ყოფილი მწვრთნელი) და იან ნედერბურგი (შოთა არველაძის თანაშემწე იყო თურქეთში). ამჟამად აკადემიის დირექტორი არის გუდელი, მე კი მისი დამხმარე მწვრთნელი ვარ.

 

ჩინეთში ფეხბურთში სასწაულ თანხებს იხდიან. ვარსკვლავებს იწვევენ. ეს ადგილობრივების დონის ამაღლებას ხელს უწყობს?

დღეს ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საფეხბურთო ქვეყანაა. მაღალი კლასის მწვრთნელები და ფეხბურთელები ჩამოჰყავთ, რაც თავისთავად კონკურენციას უქმნის ადგილობრივებს. ჩინელები დიდ გამოცდილებას, ასევე სიამოვნებას იღებენ ვარსკვლავების გვერდით. დიდ ხარჯებთან ერთად, საბოლოო ჯამში, ეს დიდი ბიზნესია კლუბებისთვის. ხარჯავენ და მომავალზე ფიქრობენ. 

 

აკადემიაში მუშობთ და გეხებათ. ჩინეთში ბავშვთა ფეხბურთი რამდენად არის განვითარებული? და ქართველ ბავშვებს რომ შევადაროთ იქაურები...

ეს პროცესი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. სახელმწიფო და ფედერაცია ბავშვთა ფეხბურთში ძალიან დიდ ინვესტიციას დებენ. სურთ, რომ ევროსტანდარტების დონის ფეხბურთელები აღზარდონ, ამისთვის მილიონებს არ იშურებენ. ეს ბოლოს მათ ნაკრებს გამოადგება. ჩინეთის თითქმის ყველა წამყვანი და საშუალო დონის კლუბების აკადემიები ევროპელი მწვრთნელებითაა დაკომპლექტებული. ისინი ნერგავენ თანამედროვე ევროპულ სავარჯიშო მეთოდიკას.  ნიჭით ქართველი ბავშვები აღემატებიან ჩინელებს, მაგრამ აქაც არაერთ ჩინელ ტალანტთან მომიწია მუშობა.

 

შესაძლებელია თუ არა, რომ ქართველი ფეხბურთელებითვის გზა გაიხსნას ჩინეთში?

სამომავლოდ გამორიცხული არაფერია. რაც შეეხება აკადემიის სტრუქტურას, აქცენტი მხოლოდ ადგილობრივებზე კეთდება. ბავშვთა ფეხბურთში ჯერ არცერთ უცხოელ მოთამაშეს არ შევხვედრილვარ.

 

რაიმე იციან ქართულ ფეხბურთზე?

სამწუხაროდ, მწირი ინფორმაცია აქვთ. იციან ქინქლაძეზე, კალაძეზე, კობიაშვილზე, ქეცბაიაზე, არველაძეზე, ხიზანიშვილზე და ასე შემდეგ.

 

აქ რამდენიმე წელი იმუშვეთ დინამოსა და ლოკომოტივში. რეალურად, ბევრი რამ არის შესაცვლელი. რა არის საჭირო, რომ ბევრად მეტი ჩამოყალიბებული ფეხბურთელი მივიღოთ?

ხშირად დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია. 1. საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, 2. კვალიფიცირებული მწვრთნელები, 3. სწორი სავარჯიშო მეთოდიკა და სათამაშო ფილოსოფია.

 

სხვა კულტურა, სხვა საზოგადოება - როგორ შეეგუეთ? და ყველაზე მეტად რამ გაგაკვირვათ ჩინეთში?

უცხოეთში ადაპტაციის პრობლემა არ მაქვს, რადგან 15 წლის ასაკიდან სულ ვმოგზაურობ. ფეხბურთელობისას ორი წელი მექსიკაში ვცხოვრობდი. მერე რვა წელი ინგლისში, ახლა კი წელიწადნახევარია, რაც ჩინეთში ვარ. ყველა ქვეყანას თავისი საინტერესო მხარეები აქვს და მეც გულისყურით ვადევნებ თვალს. ჩინეთს იოლად შევეგუე. ერთადერთი დისკომფორტი ენობრივი ბარიერია. რამ გამაკვირვა? ჩინელების შრომისმოყვარეობამ და დისციპლინამ. ამ ორი თვისებით, ჩინელები ადრე თუ გვიან ფეხბურთშიც მიაღწევენ წარმატებას.