ეს უკვე ჯადოა!

ოდესმე ცხრიანში როგორ ვერ გაარტყამს, მაგრამ  ის ჩვეულებრივი ცხრიანი გამოვა, ეს კი ჯადოქრობის ნაწილი იყო 


შობა-ახალ წელს სადღეგრძელოს ჟანრი უხდება. ფეხბურთსაც უხდება სადღეგრძელო. 1981 წელს თინეიჯერები ვიყავით და ბევრი სმითა და სადღეგრძელოების ცოდნით ვერ დავიტრაბახებდით, მაგრამ ისეთი დრო იყო, ამ საქმეს ფიქრი არ სჭირდებოდა. თასების თასი გვქონდა ახალი მოგებული, სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვფრინავდით და თამადობაც იოლი იყო: ოთარ გაბელიას გაუმარჯოს, თამაზ კოსტავას გაუმარჯოს, ალექსანდრე ჩივაძეს გაუმარჯოს, შოთა ხინჩაგაშვილს გაუმარჯოს და ასე შემდეგ. გუნდს რომ ჩავამთავრებდით, მწვრთნელებისას ვიტყოდით და… პატრონს ვეღარ ვცნობდით.

რა ამის პასუხია და თუ გიფიქრიათ, დიდი გუნდები რანაირად იბადებიან? ვითომ, მარტო მწვრთნელზეა დამოკიდებული? მაგალითად, თანამედროვეობის ორი უდიდესი იოსება, გვარდიოლა და მოურინიუ მივლენ კლუბებში, თავისებურ ვარჯიშებს ჩაატარებენ, ერთი-ორ კომბინაციას დახატავენ, მერე მოედნის კიდიდან ხელებს გაშლიან და ეგ არის?
ანდა, მარტო ფეხბურთელებზეა?

 

Image result for liverpool vs everton

 

რა ვიცი, აბა. ორივე იოსება გვინახავს გაწბილებული და ისიც არაერთხელ მომხდარა, კარგი ფეხბურთელების კრებული დიდ გუნდად რომ ვერ ჩამოყალიბებულა.
მეტიც, ხანდახან მწვრთნელიც ვარგა, მოთამაშეებიც, მაგრამ გუნდი არის, რა… დიდი არაფერი.
ჰოდა, მაშ, რაზეა დამოკიდებული?

იმ დღეს, იანვრის ხუთში, ენფილდზე მერსისაიდული დერბი შედგა: ლივერპული vs ევერტონი. აქეთ კლოპი, იქით ანჩელოტი. კლოპმა ძირითადი შემადგენლობის ცხრა ფეხბურთელი დაასვენა: სლალაჰი, მანე, ფირმინო… ანჩელოტიმ პირიქით, რა რესურსიც ჰქონდა, სულ მოედანს მიაყარა. თასის ოცდამეთორმეტედფინალს თამაშობდნენ. ჰო, არ დამავიწყდეს, კლოპის გუნდში იმ ცხრა ახალი ფეხბურთელიდან ხუთი თინეიჯერი იყო. ქართულად, ყმაწვილი ან ჭაბუკი რომ ჰქვია. თექვსმეტ-ჩვიდმეტ-თვრამეტი წლისანი. ჰქონდა ევერტონს მომენტები, როგორ არა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მაგრამ მერე ვიღაც ადგილობრივმა ბავშვმა, დაბადებით და გუნდით ლივერპულელმა კერტის ჯონსმა საჯარიმოს მისადგომებიდან იმისთანა ჩაახვია ცხრიანში, რომ მსოფლიოს პირი დარჩა ღია. თან, შესვენების შემდეგ ეს ბავშვები უფრო აწვებოდნენ.

მერე ვფიქრობდი, რომ რაც მოხდა ძალიან ნიშანდობლივი იყო. ანუ, მარტო ის კი არ არის, რომ ლივერპულს მაგარი ძირითადი შემადგენლობა ჰყავს და ზედაც ოთხი-ხუთი, თუნდაც რვა კარგი შემცვლელი მოეძებნება, არამედ მთელ იმ წითელ სამყაროში ხდება რაღაც. უკვე აურაა ისეთი, კონკრეტულ ფინტებსა და კომბინაციებს რომ აღემატება. ყმაწვილებიც კი იგებენ. გადასვი ეხლა ეს ლივერპულელი ბავშვი ევერტონში და იმ გოლს ვეღარ გაიტანს. უფრო სწორედ, ოდესმე ცხრიანში როგორ ვერ გაარტყამს, მაგრამ ეს ეფექტი აღარ ექნება. ეს სხვა იყო. ეს ჯადოქრობის ნაწილი იყო, ის კი ჩვეულებრივი ცხრიანი გამოვა. 

ინგლისელმა ტელერეჟისორებმაც მაგარი მოიფიქრეს: მაღლიდან, ალბათ დრონით, ჯერ განათებულ-გაწითლებულ-აგუგუნებული ენფილდი გვაჩვენეს, შემდეგ კამერა ჩამუქებულ სტენლი პარკს გადაატარეს და გადაღმა მხარეს ევერტონის სტადიონი გადაიღეს. გამოჩნდა ცარიელი ლურჯი, გუდისონ პარკი, რომელიც ეტყობა სპეციალურად ამ კადრისთვის გაანათებინეს ერთი წუთით. რაღაცნაირად სიმბოლურად გამოუვიდათ.

 

Image result for liverpool vs everton

 

მოკლედ, იმას ვამბობდი, დიდი გუნდი ტაქტიკურ სქემებზე და კონკრეტულ რაღაცებზე მეტია მეთქი. დაფრინავდა ალექსის სანჩესი ბარსელონაში, გადავიდა ინგლისში და ჩაქრა. რატომ? იმიტომ, რომ ჯადოსნური გარემოდან ამოვარდა. პედროც. ყოველთვის მაგარი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ყოველთვის მაგიური არ ყოფილა. მაგიასთან მარტო კამპ ნოუზე ჰქონდა კავშირი.

და ბოლოს, ატყობთ, რომ ქართველების დიდი ნაწილი (კომენტატორებიანად) შეგნებულად თუ უნებლიედ ლივერპულს გულშემატკივრობს? მგონი ეს თაობიდან თაობას გადაეცემა… 1979 წლის მერე. და ახლა განსაკუთრებით გამოჩნდა.

ლივერპული ხომ 79-შიც უდიდესი გუნდი იყო, უზარმაზარი აურით და ჯადოთი, მაგრამ 3:0 მოვუგეთ. ჰოდა, მაშინ შეგვიყვარდა. ასეთებიც ხდება, ხოლმე.