მრავალსახეობა ფეხბურთისა

ბატისტუტა განა მხოლოდ საუკეთესო ბომბარდირი იყო, საუკეთესო ადამიანიც გახლდათ

თუკი ამქვეყნად ვინმე დიდი თავდამსხმელი მინახავს, ერთი მათგანი გაბრიელ ბატიატუტაა. არგენტინელი გოლების მანქანა. თავისი ქვეყნის სახელით 54-ჯერ გაიტანა და არანორმალურ მესის რომ არ გადაესწრო, ნაკრების ისტორიაში ახლაც მიუწვდომელი იქნებოდა.

ბატისტუტა განა მხოლოდ საუკეთესო ბომბარდირი იყო, საუკეთესო ადამიანიც გახლდათ. ვაჟკაცური თვისებები ჰქონდა. იტალიაში, ფიორენტინაში თამაშობდა და როდესაც გუნდი სერია A-დან სერია B-ში გავარდა, ფლორენცია არ მიუტოვებია. დაბალ ლიგაში ჩაჰყვა და მაღალში დააბრუნა. ეს რომ ვინმე ადგილობრივს გაეკეთებინა კიდევ არ იქნებოდა გასაკვირი, მაგრამ არგენტინიდან ფულის საშოვნელად და დიდ შეჯიბრებებში თავის გამოსაჩენად ჩასული კაცისგან მოულოდნელი იყო.
კიდევ, ბატისტუტას თავისებურება იმაში ჩანს, რომ ცოლად სკოლის დროინდელი შეყვარებული უზის. ერთ ქალთან ოთხი შვილის მამაა. მოდელებს არ გამოჰკიდებია. არადა, ფეხბურთის ვარსკვლავი იყო. მზეჭაბუკი. მდიდარი.
დიადი ძეგლების ქალაქ ფლორენციაში ძეგლი დაუდგეს.

მაგრამ, ჩვენი დღევანდელი ბლოგი გაბრიელ ბატისტუტას ბიოგრაფია არ გახლავთ. ბლოგი იმაზეა, რომ ერთხელ, როდესაც ერთ-ერთმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ჩემპიონთა ლიგის საათებში შემთხვევით ბატისტუტას სახლთან ჩაიარა, დაინახა, რომ უბნის სათამაშო მოედანზე, ვიღაც კაცი, რომელიც ძალიან ჰგავდა არგენტინელ ვარსკვლავს, ბავშვებთან ფეხბურთს უბერავდა. შეჩერდა ეს ჩვენი ჟურნალისტი, ახლოს მივიდა, თვალები მოჭუტა და რას ხედავს: ჰგავს კი არა მართლა გაბრიელ ომარია. ამხელა ბატისტუტა, ნაცვლად იმისა, რომ ტელევიზორთან მჯდარიყო და იმ მომენტისთვის ყველაზე დიდ საფეხბურთო მოვლენას ყოფილიყო მიჯაჭვული, უბნის ბიჭებთან ბურთს დასდევდა.
მერე ჰკითხეს, ეგრე რატომ იქცევიო და... მე ფეხბურთი სათამაშოდ მიყვარს, საყურებლად კი არაო. 

ნუ, მთლად ამ სიტყვებით არა, მაგრამ დაახლოებით ასე უპასუხა.

თან, რა თავისებური გვარია — ბატისტუტა... გაბრიელის გამოჩენამდე ჩვენთან, საქართველოში ბატისტა ყველას გაგონილი ჰქონდა, ეს „ტუტა“ კი მახსოვს, მაგრა მოხვდათ ყურში.
დღეს, გაბრიელ ომარს მართალია მწვრთნელის დიპლომი აქვს, მაგრამ ფეხბურთში არ მოღვაწეობს. პოლოს და გოლფის თამაშით იქცევს თავს.

ეს ამბავი იმიტომ გამახსენდა, რომ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთმა ძლიერმა თავდამხმელმა — სხვათა შორის, ბატისტუტასავით არგენტინელმა, ოღონდ ბატისტუტასთან რომ ვერ მოვა, ისეთმა — კარლოს ტევესმა ინტერვიუში თქვა ფეხბურთი არ მიყვარსო.
ფეხბურთის ყურებას კარგი გოლფის ყურება მირჩევნიაო. 

ნუ კარგი, ამასაც გოლფი უყვარს და ვიღაც ინსტიტუტოს ვიღაც სარმიენტოსთან თამაშს გულს ვერ უდებსო, იფიქრებ კაცი, მაგრამ არა, ბატონოო, დააზუსტა: იმ თქვენი ბარსელონას და რეალის ნახვასაც გოლფის ცქერა მიჯობსო.
აბა, ეს ფეხბურთი საიდან მოიტანე, ვინ გაძალებდაო, ჰკითხეს. ვინ მაძალებდა და ისეთ უბანში გავიზარდე, ფეხბურთელი რომ არ გამოვსულიყავი ან ნარკომანი უნდა გავმხდარიყავი ან ბარიგა ან კიდევ ბანდიტი, ამ სამს კი ისევ ფეხბურთელობა მერჩივნაო. 
არადა, ტევესია. მოვლილი აქვს ბოკა, კორინთიანსი, მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი, იუვენტუსი...

ბატისტუტასთან და ტევესთან თითქოს რა შუაშია და ჩვენს დიდ ფეხბურთელზე სიომა ბარქაიაზე რას ჰყვებიან იცით? მოსკოვში, საბჭოთა კავშირისა და ბრაზილიის ნაკრებების ამხანაგურ, მაგრამ ისტორიულ შეხვედრაში (0:3) რომ მიიღო მონაწილეობა, კაცი მოედანზევე შეიცვალა — ჟორა სიჭინავას დაუყვირა, რას დარბიხარ, ბიჭო, შეხედე ხალხი რეებს აკეთებსო და მას მერე თურმე ხშირად იმეორებდა: მე მეგონა მაგარ ფეხბურთს ვთამაშობდი, მაგრამ ბრაზილიელები რომ ვნახე ყველაფერი ყირაზე დადგაო. არ ვიცი, შეიძლება ტყუილია, მაგრამ ნაღდად ლამაზი ლეგენდაა. იმ ბრაზილიის ნაკრებში კი თამაშობდნენ პელე, გარინჩა და...

საბჭოთა-რუსი დიპლომატის იგორ ფესუნენკოს წიგნი იყო ასეთი „პელე, გარინჩა და ფეხბურთი“, ჰოდა ეგ იყო — იმ ბრაზილიაში ერთად იყვნენ პელე, გარინჩა და მთელი ფეხბურთი.
ფეხბურთის მოყირჭების შემთხვევებს კი აქ აღარ მოვიყვანთ. ასეთი უამრავი ყოფილა საქართველოშიც და გარეთაც. თამაშობს-თამაშობს კაცი და უცბათ ყელშია ყველაფერი.
მაგარი ბევრია, მაგრამ ყველა ფანატიკოსი კი არ არის.
 

 

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.