ესპანეთში ქართული დერბი შედგა

ბასკონიამ გრან კანარია დაამარცხა

ესპანეთის ACB ლიგის მე-17 ტურში ბექა ბურჯანაძის გრან კანარია თორნიკე შენგელიას ბასკონიას დაუხვდა. ბუკმეიკერებმა ფავორიტად მასპინძლები მიიჩნიეს, თუმცა სტუმრებმა მესამე მეოთხედი 14 ქულით მოიგეს და ამხელა უპირატესობა ხელიდან აღარც გაუშვეს.

 

საბოლოოდ - 72:89 ბასკონიას სასარგებლოდ.

 

სტუმართა რიგებში თორნიკე შენგელია გამორჩეული იყო, რომელმაც 34 წუთსა და 17 წამში გუნდს 13 ქულა, 6 მოხსნა და 3 ზუსტი გადაცემა შესძინა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი +22 იყო, რითაც გუნდში მეორე საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა - პირველი კი +24-ით შევონ შილდსი გამოდგა.

 

 

ბექა ბურჯანაძემ პარკეტზე 17 წუთი და 21 წამი დაჰყო, რა დროშიც აქტივში 10 ქულა და 3 მოხსნა ჩაიწერა, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი +10 ჰქონდა.

 

შეხვედრის შემდეგ, გუნდები ცხრილში ერთმანეთის გვერდზე იმყოფებიან ბასკონია მე-11 ადგილას, გრან კანარია კი 12-ზე.

 

შემდეგ ტურში, 19 იანვარს, ბასკონია მადრიდში რეალს ესტუმრება, 18-ში კი გრან კანარია სარაგოსაში ჩადის...