ილია ლონდარიძე=ნდობას

რეგულარული გამოძახება ნაკრებში დასაფასებელია. 

საქართველოს ნაკრებში ილია ლონდარიძეს ბევრ წუთს არ აძლევენ. და, ილო თითქმის ყოველთვის იქ, ნაკრებთან ერთად არის. ამხნევებს ბიჭებს, ტოვებს ბევრ დადებით ემოციას და ეს ჩანს.

ხანდახან, იმდენად ჩანს, რომ ლონდარიძეს ჩვენი ნაკრების ყველაზე შეუცვლელ გულშემატკივარს უწოდებდნენ. და, ამაში ყველაზე ნაკლებად არის ცინიზმი. უბრალოდ, ასე აეწყო.

სუპერლიგაში ლონდარიძე ყველაზე სტაბილური მაღალია. ბოლო წლების ყველაზე სტაბილური.

ჩემთვის, უფრო ახლოს ბექა ბექაურის სტილის მაღალია, რომელსც აქვს მეტი მობილურობა და უკეთესი სროლა 5-6-7 მეტრიდან.

არიან აკაკი დვალიშვილის გულშემატკივრებიც, რომლებიც აფასებენ ათლეტურობას და მიმწოლ აგრესიას, რასაც შედეგი მოაქვს. კაკი ძალიან კარგი მაღალია.

ლეგიონერებს თუ არ ჩავთვლით, გვრჩება მხოლოდ გეგი ბაქრაძე, რომელიც ნორმალური მაღალია, მაგრამ ვერ ქმნის. უფრო, ცდილობს, რომ სხვამ ვერ შექმნას.

გიორგი ტურძილაძეს ვერ ვახსენებ. ბიჭმა, კალათბურთის თამაში ამ სეზონიდან, ლექსო ლაფანაშვილთან ერთად დაიწყო.

ლონდარიძე სხვა თემაა.

გადახედეთ ილიას ბოლო წლებს.

2016/2017, დინამოში - 14.0 ქულა, 6.4 მოხსნა, შეუცვლელი სასტარტო ხუთეულში. დინამო ჩემპიონი გახდა.

2017/2018 , დინამოში, ამჯერადაც ირაკლი ხოშტარიასთან - 12.6 ქულა, 6.0 მოხსნა, პირველი ხუთეული და კიდევ ერთხელ, ჩემპიონი.

2018/2019, მოწესრიგებულ ტიტებში - კარიერაში ყველაზე ბევრი, 17.7 ქულა, 8.4 მოხსნა, 2.0 პასი (კარიერის რეკორდი). ტიტებმა დებიუტანტისთვის მაგრად იყომარა. ლონდარიძემ დაგლიჯა. ლიდერი. საუკეთესო მოთამაშე, რომელსაც ჰქონდა ნდობა.

წელს ილო რუსთავშია. სადაც ჩამოიყვანეს ბერძენი მწვრთნელი, უკვე გაუშვეს ბერძენი მწვრთნელი და ანატოლი ბოისა დააწინაურეს. და, გუნდმა უნდა აკრიფოს. ამ შემადგენლობით ცუდი შედეგი არ მოსულა.

ლონდარიძე რუსთავში ვერ დომინირებს, მაგრამ საშუალოდ 12.6 ქულას იღებს. 5 მოხსნასთან ერთად. სადღაც, ეხმარება ბაქრაძეს. სადღაც, ეხმარება სხვა მაღალს და იცით, რითი გამოირჩევა?

იმ თვისებით, რომელიც მას ცხოვრებაშიც ეხმარება - ნდობით.

რეგულარული გამოძახება ნაკრებში დასაფასებელია. და, თუ თქვენ თვლით, რომ ილო ამ ნაკრების ყველაზე შეუცვლელი გულშემატკივარია, ასე იყოს, არავინ არ შეგეწინააღმდეგებათ.

რაც მთავარია, ლონდარიძეს ნაკრებშიც...გაარტყით, ნდობის გამო ეძახიან. როგორც - ყველგან.

დღეს, ეს მაგარი იშვიათია.