ბეSOS

დღეს ბესო პირველია. დღეს კი არა, ბოლო ბევრი წელიწადი პირველია.

ბესო ლეჟავა ერთ თვეში 34 წლის გახდება. დაკარგა სისწრაფე. ასაკის მატებასთან ერთად ეს მოსულა, ხდება ხოლმე. ბესომ დაკარგა მობილურობა. ყველა კარგავს.

და, ტიტების ვეტერანს სუპერლიგაში დღესაც ყველაზე ლამაზი, სამაგალითო სროლა აქვს.

ენერჯი ინვესტში ბესო მთავარი მწვრთნელის, დავით უსტიაშვილის ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე იყო. რეზო დიდიასთან ერთად.

და, გუნდს დამუღამებული ჰქონდა კომბინაცია, რომლის შემდეგ, ბესო რამდენიმე ბლოკიდან ამოდიოდა მარჯვენა კუთხეში და იქიდან აგდებდა სამიანს. ძირითადად, აგდებდა. ყველამ იცოდა, რომ ეს კომბინაცია მოდის და არავინ არ იცოდა, როგორ არ უნდა ჩაეგდო ბესოს.

ტიტებში ბესოს ცოტა სხვა დატვირთვა აქვს. ვეტერანი, კაპიტანი, ლიდერი. ბესო უსმენს მთავარ მწვრთნელს, რომელიც ამავე დროს, მისი ახლო მეგობარი და გუნდის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია. კაპიტანი ხანდახან, ზედმეტად მონდომებულია, მაგრამ მან ეს დაიმსახურა. ერთი სროლით, ერთი პასით, ერთი დრიბლინგით მეტი - ეს არის ის, რაც გამოცდილებასთან ერთად შენი ხდება.

სუპერლიგის ერთ-ერთი თამაშის დროს ბესო ჩვეულებრივად აიწია და ვერ ჩააგდო. წამოვიდა შეტევა და ტიტებს სამიანი ხიეს. ვინ ჩააგდო (ნამდვილად არ მახსოვს, ვინ იყო) - არ მახსოვს. ეს არც არის მნიშვნელოვანი. უბრალოდ, ბესოს ცუდი სროლა უფრო დასამახსოვრებელი იყო, ვიდრე ის - ზუსტი.

ბესომ საკალათბურთო მოძრაობა გააკეთა. იმ, მეორე ბიჭმა - არასაკალათურთო. ისროლა ისე, თითქოს მაჯა ჰქონდა მოტეხილი. კი, ჩააგდო, მაგრამ ეს არ არის სროლა.

ბესომდე ყველაზე ლამაზი სროლა გია სანაძეს ჰქონდა. უნაკლო. აქ, ალბათ, ლეჟავაც უკან არის. სანაძე გკლავდა სროლის სისწორით და სიზუსტით.

დღეს ბესო პირველია. დღეს კი არა, ბოლო ბევრი წელიწადი პირველია.

ბესო ასაკშია და დღესაც უჯოკრავს ყველა ახალგაზრდას ამ კომპონენტში. ეს დასაფიქრებელია.

ლეჟავა - ყველაზე დახვეწილი სროლა და ინტელექტი, რომელსაც არ ასწავლიან. ეს ისე, თანდაყოლილი უნდა გქონდეს.

წარმატებები ვეტერანს.