ექვსიდან ხუთი ქართველების გუნდია

მეორე დივიზიონში ჩვენებურების ჰეგემონიაა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მეორე წრე დაიწყო. მე-16 ტურის მატჩების შემდეგ საპლეიოფო ექვსეულში ქართველ მორაგბეთა ხუთი გუნდია. ესენია: გრენობლი, ოიონაქსი, კოლომიე, ბიარიცი და ნევერი.

 

დავით ქუბრიაშვილისა და ნიკა ნეფარიძის გრენობლმა სტუმრად შეძლო მერაბ შარიქაძის, გიორგი ცუცქირიძის, გიორგი ქართველიშვილის, გიორგი ჯვახიასა და ბექა საღინაძის ორიაკის დამარცხება - 14:19. ქართველებიდან მხოლოდ ქართველიშვილმა ითამაშა. გრენობლი 53 ქულით პერპინიანთან პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.

 

ალპელებს ერთი ქულით ჩამორჩება ირაკლი მირცხულავას ოიონაქსი, რომელმაც შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა ზაზა ნავროზაშვილის პროვანსი - 51:10. ნავროზაშვილი 41-ე წუთზე შეცვალეს, მირცხულავამ მასზე 13 წუთით მეტი ითამაშა.

 

ოიონაქსს ორი ქულით ჩამორჩება დავით გიგაურის კოლომიე, რომელმაც სტუმრად დაამარცხა თამაზ მჭედლიძის რუენი - 29:33. მჭედლიძემ სრულად ითამაშა. გიგაური თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო.

 

გიორგი ნუცუბიძის, თორნიკე ჯალაღონიასა და ვახტანგ ახობაძის ბიარიცმა შინ კარკასონს სძლია - 43:22. ბასკებს 43 ქულა აქვთ და მე-5 ადგილზე არიან. ნუცუბიძე 62-ე წუთზე შეცვალეს.