ალინა ურუშაძე მეხუთეა

ბრინჯაომდე რვა ქულა დააკლდა

ლოზანაში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურუ ციგურაობაში გოგონათა ერთეულთა თანრიგში ალინა ურუშაძემ მეხუთე ადგილი დაიკავა. ქართველმა მოციგურავემ, ისევე როგორც მოკლე პროგრამაში, თავისუფალშიც მეხუთე შედეგი აჩვენა. ურუშაძეს ჯამში 179,50 ქულა დაუგროვდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა. მას ორმა რუსმა, იაპონელმა და კორეელმა მოციგურავემ გაუსწრო. ჩვენი მოციგურავე ბრინჯაოს მფლობელს რვა ქულით ჩამორჩა.

 

მოცეკვავე წყვილებში კი, იულია ლებედევა-ბიწაძისა და მიხეილ კაიგოროდცევის წყვილი 115,65 ქულით მე-11 ადგილზე გავიდა.

 

ამრიგად, ქართველი მოციგურავეებიდან საუკეთესო შედეგი სპორტულმა წყვილმა ალინა ბუტაევმა და ლუკა ბერულავამ აჩვენა. ქართველმა მოციგურავეებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.