ვალვერდე შეცვალეს

ესპანურ გრანდს ახალი მწვრთნელი ჰყავს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ერნესტო ვალვერდემ ბარსელონა დატოვა. ბოლო რამდენიმე საათი მასსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის კონტრაქტის გაწყვეტაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და საბოლოოდ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

 

ვალვერდეს გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში, ესპანური გრანდი კიკე სეტიენმა ჩაიბარა. ბოლო ინფორმაციით, გამოცდილი სპეციალისტი ბარსას 2022 წლის ივნისამდე უხელმძღვანელებს.

 

 

კატალონიელთა აწ უკვე ყოფილმა დამრიგებელმა გუნდი 2017 წელს ჩაიბარა და ბლაუგრანას ლა ლიგა (2), ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერთასი მოაგებინა. ვალვერდეს ყველაზე დიდ მინუსად ჩემპიონთა ლიგაში განცდილ მარცხებს თვლიან. 2018 წელს 1/4 ფინალში რომას 4:1 მოუგო და 1/2 ფინალის საგზური თითქოს განაღდებული ჰქონდა, თუმცა განმეორებით შეხვედრაში 0:3 დამარცხდა. 2019 წლის 1/2 ფინალში ლივერპულს 3:0 მოუგო, მეორე მატჩი კი 0:4 დათმო. 

 

 

ამ მომენტისთვის ბლაუგრანას ლა ლიგაში 40 ქულა აქვს და ცხრილის სათავეშია. უახლოეს შეხვედრაში კატალონიელები გრანადას უმასპინძლებენ.