დელტა იყო მაგარი გუნდი!

დელტამ გადაწერა ისტორია. 

სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი არის გუნდი, რომელიც აღარ არსებობს.

სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი არის გუნდი, რომელიც ვეღარ დაიცავს ტიტულს.

სუპერლიგის მოქმდეი ჩემპიონი არის გუნდი, რომელიც ჩემპიონი ლოგიკურად, დამსახურებულად და, მაინც, მოულოდნელად გახდა.

ყველა სეზონის წინ (სუპერლიგაში) მარტივია საჩემპიონო გუნდების შემოხაზვა. ბოლო წლებში ამ დონეზე სტაბილურად იდგნენ დინამო და ქუთაისი. დანარჩენებიდან, აქტიურობდნენ ოლიმპი, მგზავრები, სხვები.

აქტიურობდნენ და ვერ იგებდნენ. სუპერფინალში დინამო და ქუთაისი შედიოდნენ და დინამომ ორივე ჩეხვა მოიგო. დინამომ დაგლიჯა. ირაკლი ხოშტარია პირველი კაცი იყო.  

დელტამ დაიბრუნა მთავარი მწვრთნელი ლექსო ლაფანაშვილი. ყველაზე მაგარი სვლა.

დელტაში ლექსოს მოთხოვნით მივიდა მწვრთნელი დავით არწივიძე. კიდევ ერთი დროული სვლა.

დელტას, ისევე, როგორც სუპერლიგის ბევრ გუნდს, ჰქონდა ფინანსური პრობლემები და გუნდი მაინც არ აგდებდა ტემპს. იყო სხვა პრობლემებიც (დელტა, ყველა მატჩს აგებდა მგზავრებთან და ეპიზოდებში, უბრალოდ, არ იყო მზად კარგი გუნდის დასაგდებად), მაგრამ გუნდი არ ნებდებოდა.

და, როგორც კი დაიქოქა ფლეი ოფი, დელტა ყველას ერთხმად მოეწონა.

დაიმტვრა კაპიტანი და გუნდის დამაარსებელი ზვიად ანთაძე. დანაკლისი. გახდა ცნობილი, რომ შუა სეზონში რამდენიმე მოთამაშემ უკვე გააფორმა კონტრაქტი სხვა გუნდთან. ასე არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ მოხდა. წარმოგიდგენიათ, რეალის, ცსკა-ს, ბასკონიას რომელიმე მოთამაშემ შუა სეზონის დროს რომ თქვას, ბიჭებო, მაგრად გამიმართლა, შემდეგი სეზონიდან სხვა გუნდში მივდივარო? სულ მცირე, ამ მოთამაშეს, დარჩენილ მატჩებში გუნდს აღარ გააკარებდნენ, მაგრამ საქართველოში ეს არ მუშაობს. პასუხად მიიღებ - ოჯახი ჰყავს.

ეს ისე, ლირიკა.

დელტა შეიკრა და როდესაც ფლეი ოფის პირველ თამაშში, მგზავრებთან ძალიან ცუდი სტარტის შემდეგ, გუნდმა მაინც მოიგო, ჩვენ ახალი, უფრო მშიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული გუნდი დავინახეთ. ოთო ფახაკაძე არ უშვებდა ბავშვურ შეცდომებს თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. საბა ლობჯანიძემ სწორი კალათბურთი ითამაშა. ბექა ბექაური სამწამიანში შევიდა.

და, გუნდმა გაქაჩა. ბოლომდე. ეს იყო ერთწლიანი, მაგრამ ყველაზე სასიამოვნო მოულოდნელი და დამსახურებული გარბენი სუპერლიგის ბოლო წლებში. გარბენი, რომელიც უკვე ისტორიაა და გაგვიხარდება, თუ ცხუმ-აფხაზეთიც წარმატებული პროექტი იქნება. ამ გუნდმა დელტას ადგილი მიიღო.

დელტამ დაწერა ისტორია. ლექსოსთან, კაპიტანთან, გუნდზე უზომოდ შეყვარებულ ექიმთან და ბევრ საჭირო ადამიანთან ერთად, ვინც კალათბურთს არ თამაშობდა.

დელტამ გადაწერა ისტორია.

რომელიც ყველას ახსოვს.