მაიკლ ჯორდანზე

მაიკლმა დაისვენა, მაიკლი დაბრუნდა და კიდევ ერთხელ დაშალა ლიგა.

ალბათ, ტელევიზორის ბრალია. ახალ ტელევიზორში ყველაფერი უფრო მიმზიდველია და მეც დავგოიმდი.

როდესაც მაიკლ ჯორდანის 20, 30, 40 საუკეთესო ეპიზოდი ვნახე, ტელევიზორს მეგობრულად წავუთაქე, ჰა, ჰა, ნუ ცელქობ და რაც არის, ის მანახე-მეთქი.

ტელევიზორმაც ფერები გაასწორა და უფრო მეტი ზღაპრული ეპიზოდი მაჩუქა.

იმ 20, 30, 40 ეპიზოდის შემდეგ, კალათბურთის სილამაზე და სიღრმე მხოლოდ სამი მოთამაშის გამო უნდა აწონ-დაწონო. ეს სამი მოქანდაკე არის ლარი ბერდი, მეჯიქ ჯონსონი და ლებრონ ჯეიმსი.

დანარჩენები ცოტა სხვაგან არიან.

და, მაიკლ ჯორდანიც ცოტა სხვაგან არის.

ლებრონი იღებს არარეალური ფიზიკური მონაცემებით და სიჯიუტით.

ლარი იღებდა ინტელექტით. კალათბურთის, სპორტის ისტორიაში უდიდესი ინტელექტით.

მეჯიქი იყო ზღაპარი სპორტში. რომელიც არასოდეს არ დასრულებულა.

მაიკლ ჯორდანი იყო სამყარო. უბრალოდ, ის იღებდა ბურთს, იწყებდა შეტევას და აგდებდა. და, არ იყო საჭირო ის ოთხი კაცი, ვისაც ჯორდანივით, ჩიკაგოს ფორმა ეცვა.

ხანდახან, ისინი მას ხელს უშლიდნენ.

მაიკლის მამის მკვლელობამ გააჩერა ლამაზი სერია, რომლის დროს ჯორდანი ყველაფერს იგებდა. მეტს მოიგებდა.

მაიკლმა დაისვენა, მაიკლი დაბრუნდა და კიდევ ერთხელ დაშალა ლიგა, რომელიც ჯერ ლარი და მეჯიქმა და, შემდეგ, მაიკლმა გადაარჩინეს.

არა რა, ერთხელაც ჩავუჯდები მაიკლის ისტორიულ ეპიზოდებს.

ალბათ, ტელევიზორი ერთხელაც იცელქებს და მეც მორიგ ზღაპარს ვნახავ. და, იცით, რა საოცარია ამ ზღაპარში ცხოვრება? ეს ხომ მაიკლ ჯორდანის სამყაროა.