კიკემდე

რატომ თქვა უარი ხავიმ?

წუხელ ბარსელონა ახალ მწვრთნელს ჩააბარეს. 61 წლის კიკე სეტიენს... იქამდე კი...

ესპანეთის სუპერთასზე წაგების შემდეგ, ბარსელონას ხელმძღვანელობამ ერნესტო ვალვერდეს შემცვლელის ძებნა დაიწყო. კატალონიელებმა ნაცადი გზით გადაწყვიტეს წასვლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ლეგენდა, 29 წლის ჩავი მიიწვიეს, მაგრამ მოულოდნელად ამ უკანასკნელმა უარი თქვა.

გასაკვირი არ არის ჩავის მიწვევის იდეა. მათ ხომ ლუის ენრიკესა და პეპ გვარდიოლას შესანიშნავი მაგალითები ჰქონდათ წინ. ამასთან, ჩავი შესანიშნავად იცნობს კლუბის სისტემას, აკადემიას, სამზარეულოს და ისეთ კაცად მოსჩანდა, რომელიც ბარსას გამოაღვიძებდა და ძველ დიდებას დაუბრუნებდა. მაგრამ ჩავიმ უარი თქვა და ამის ძირითად მიზეზად მოჩქარეობა დაასახელა. ყატარული ალ-სადის თავკაცს არ სურს ბარსას შუა სეზონში ჩაბარება. მისი აზრით, კარგი იქნებოდა კატალონიაში ზაფხულში დაბრუნებულიყო და ახალი გუნდის შენება ნულიდან დაეწყო. გუნდისა, რომელსაც თავისი იდეისა და სტილის მიხედვით ააწყობდა.

 

 

ესაპანური მედია წერდა, რომ ჩავიმ მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე ითხოვა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ პასუხი იმ დღესვე ისურვა. მაშინ ჩავიმ უარი თქვა. თუმცა, მიუნიშნა, რომ მზადაა ზაფხულში ჩაიბაროს მშობლიური გუნდი.

ჩავის უარის  ერთ-ერთი მიზეზი  მისი ვალვერდეს მიმართ დიდი პატივისცემა შეიძლება იყოს. და კიდევ მეორე - ჩავის არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს კლუბის პრეზიდენტ ბარტომეუსთან. 

საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წელსაა, თუმცა ჩავი მზად იყო მომავალ ზაფხულსვე ჩაებარებინა ბარსა. მით უმეტეს, რომ პრეზიდენტობის ყველაზე სავარაუდო კანდიდატთან ვიქტორ ფონტთან მეგობრობს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩავის დაბრუნებას გუნდის მთავარვარსკვლავები, მესი, ბუსკეტსი და პიკე მიესალმებოდნენ. ჩავის გუნდში დაბრუნება სურდათ გენერალურ დირექტორ ოსკარ გრაუს და სპორტულ დირექტორ ერიკ აბიდალსაც.

მაგრამ...ზაფხულში გვიანი იქნებოდა. ჩავის უარის შემდეგ, ბარტომეუ ტოტენჰემის ყოფილი დამრიგებლის, მაურისიო პოჩეტინოს მიწვევასაც ცდილობდა, საბოლოო არჩევანი კი სეტიენზე შეაჩერა.

 

 

RAC1-ის ცნობით, არგენტინელის წინააღმდეგი არც დირექტორატის სხვა წევრები იყვნენ,  თუმცა, აქ პოჩეტინოს ერთი ინტერვიუ გაახსენდათ, სადაც ის ამბობდა, მირჩევნია არგენტინაში ფერმაში ვიმუშაო, ვიდრე ბარსელონა გავწვრთნაო. 

„ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, ბარსელონას და არსენალს არასოდეს გავწვრთნი. ისევე, როგორც არასოდეს ვიმუშავებდი როსარიო სენტრალში, მე ხომ ნიუელზ ოლდ ბოიზის მოთამაშე ვიყავი. მირჩევნია არგენტინაში ფერმაში ვიმუშაო, ვიდრე ეს ორი კლუბი გავწვრთნა“ - ამბობდა პოჩეტინო. საქმე ის არის, რომ სამწვრთნელო კარიერა პოჩეტინომ ბარსელონას მეორე კლუბში - ესპანიოლში დაიწყო, მანამდე კი იქვე თამაშობდა.
ჰოდა, ბარსელონას კარიც კიკე სეტიენისთვის გაიღო...