... ამიტომ ითამაშეს საუდეთში

სუპერთასის ფულები დათვლილია

... მერე იტყვიან ესპანეთის სუპერთასი საუდის არაბეთში რატომ ჩატარადა ან გათამაშების ფორმატი რად შეიცვალაო. შეგახსენებთ, ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციამ რეალი, ბარსელონა, ვალენსია და ატლეტიკო საუდეთს წაასხა და ქვეყნის სუპერთასის მოსაპოვებლად ჯერ ნახევარფინალებში ათამაშა და გამარჯვებულები, ბუნებრივია, ფინალში.

ანგარიშებს აღარ შეგახსნებთ, გეტყვით მხოლოდ რომ თასი რეალმა მოიპოვა, რომელიც ზინედინ ზიდანისთვის ტიტულის მოპოვების მეცხრე შესაძლებლობა გახლდათ და როგორც წინა რვა, ესეც წარმატებული გამოდგა. 

 

 

ახლა მთავარი, თუ რატომ ითამაშეს ესპანურმა გრანდებმა არაბეთში: მინი-ტურნირის შემოსავალი უკვე დაითვალა და აღმოჩნდა, რომ სუპერთასის მოპოვებისთვის მადრიდის რეალი 12 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თითოეული ფეხბურთელი ბონუსად 150-150 ათასს ევროს. ბარსელონა ფედერაციისგან 6 მილიონით დასაჩუქრდება, ატლეტიკო 4 მილიონს მიიღებს, ხოლო ვალენსიას სულ 1.7 მილიონი შეხვდება, რის გამოც ღამურებს უკმაყოფილება არ დაუმალავთ და ფედერაციისკენ ერთიორი მწარე სიტყვაც მიმართეს, ფული უსამართლოდ გაგინაწილებიათო...