უმცროსი ბორჯღალოსნები ბობოლების წინააღმდეგ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სიკვდილის ჯგუფში გაამწესეს

2020 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში, რომელსაც იტალია უმასპინძლებს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები B  ჯგუფში ავსტრალიის, უელსისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან ერთად გაამწესეს.

 

იტალიელები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს მესამედ მასპინძლობენ. აღსანიშნავია, რომ წინა ორ შემთხვევაში – 2011 და 2015 წლებში, ჩემპიონობა ახალმა ზელანდიამ იზეიმა. წინა ჩემპიონატებისგან განსხვავებით, მსოფლიოს რაგბიმ 2020 წლისთვის ჯგუფების დაკომპლექტების სისტემა შეცვალა:გუნდები კვლავ სამ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. თითოეულ ჯგუფში პირველ ნომრად პრიზიორები განითესნენ –  A ჯგუფში ჩემპიონი საფრანგეთი, B  ჯგუფში ფინალისტი ავსტრალია და C  ჯგუფში მესამეადგილოსანი სამხრეთ აფრიკა.

 

დანარჩენი მონაწილეები, 2019 წლის შედეგების მიხედვით დალაგდნენ, ოღონდ ჯგუფებში ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროდან ორ-ორი ნაკრები მოხვდა. სამხრეთ ნახევარსფეროს მიაკუთვნეს იაპონიის ნაკრები, რომელმაც შარშან ალაფა მოიგო და უძლიერესთა შორის დაბრუნდა.

 

ამრიგად, A  ჯგუფში საფრანგეთი, არგენტინა, ირლანდია და იაპონია მოხვდნენ, ხოლო C  ჯგუფში სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, ფიჯი და მასპინძელი იტალია ითამაშებენ.

 

უმცროს ბორჯღალოსნებს პირველი მატჩი 28 ივნისს, ვერონაში შარშანდელ ფინალისტ ავსტრალიასთან ექნება. ავსტრალიელებმა ვერცხლის მედლები ორჯერ მოიპოვეს (2010 და 2019 წლებში), 2011 წელს კი ბრინჯაოს დასჯერდნენ.

 

მეორე ტურში, 3 ივლისს, ასევე ვერონაში უელსს ვხვდებით, რომელმაც შარშან მეექვსე ადგილი დაიკავა.

 

ჯგუფურ ეტაპს 8 ივლისს ახალ ზელანდიასთან მატჩით დავასრულებთ. შეხვედრა ვიადანაში გაიმართება. „ჯუნიორ ბლექსს“ შარშანდელი ტურნირი ჩაუვარდა და მხოლოდ მე-7 ადგილი დაიკავა, რაც მისთვის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.

 

ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები 15 ივლისს ვიადანასა და კალვიზანოში გაიმართება. ხოლო, ფინალურ მატჩებს 18 ივლისს ვიადანა და პარმა უმასპინძლებს.

 

მსოფლოს ჩემპიონატი

28 ივნისი

საქართველო U20-ავსტრალია U20

3 ივლისი

საქართველო U20-უელსი U20

8 ივლისი

საქართველო U20-ახალი ზელანდია U20

 

www.rugby.ge