სეტიენი: მადლობა ვალვერდეს

ბარსელონას ახალმა თავკაცმა პირველი პრესკონფერენცია გამართა

ბარსელონას ახლად დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, თანამდებობის ჩაბარების შემდეგ პირველად ისაუბრა.

 

"ამის გაფიქრებას ყველაზე წარმოუდგენელ ოცნებებშიც კი ვერ გავბედავდი - თავს უცნაურად ვგრძნობ"

 

ესპანელმა სპეციალისტმა მის წინამორბედზე, ერნესტო ვალვერდეზეც ისაუბრა.

 

"ერნესტოს კარგად ვიცნობ - მას უკვე ვესაუბრე, ის შესანიშნავი ადამიანია. მის მიერ განხორციელებულ სამუშაოს ნამდვილად ვაფასებ. ვეცდები, რომ სამომავლოდ მასთან კონტაქტი მქონდეს. ვალვერდეს მიდგომასა და სამწვრთნელო სტილს ბევრი პლუსი აქვს. მან ისეთი გუნდი დაგვიტოვა, რომელიც ლალიგის ერთპიროვნული ლიდერია.

 

როგორც წესი, მწვრთნელებს გუნდში მაშინ იწვევენ, როდესაც პრობლემებს ეჩეხებიან, მაგრამ აქ სხვა მდგომარეობაა. ვალვერდემ ძლიერი გუნდი დატოვა, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი"

 

რაც შეეხება ჩემს მიზნებს - ყველაფრის მოგება მსურს, რადგან ამ კლუბში სხვა ვარიანტები არც განიხილება. ყველა შესაძლო ტიტულისთვის ვიბრძოლებთ"

 

შეგახსენებთ, 61 წლის სპეციალისტი 2017-2019 წლებში ბეტისში მუშაობდა.